Tesla-ს რევოლუციური მოდელების ეპოქა სრულდება| კომპანია მათ ნაცვლად რობოტების წარმოებას იწყებს
Tesla თავისი ორი მოდელის, Model S-ის სედანისა და Model X-ის SUV-ის წარმოებას წყვეტს. რეალურად ეს ის ორი მოდელია, რომლებმაც ელექტრომობილების რევოლუციის დაწყებაში დიდი როლი ითამაშეს, თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკული კომპანია თვლის, რომ მათთან გამომშვიდობების დრო დადგა. ამის ნაცვლად კი Tesla ჰუმანოიდი რობოტების განვითარებას უფრო აგრესიულად გააგრძელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ოთხშაბათის კონფერენციაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა. მასკის განცხადებით, S-ისა და X-ის წარმოება კალიფორნიაში მომავალ კვარტალში დასრულდება და ქარხანა, თითქმის სრულად, Optimus-ის რობოტების დამზადებაზე გადავა.

„დროა Model S და X პროგრამები დავასრულოთ, რადგან ჩვენ უკვე, რეალურად, ავტონომიაზე დაფუძნებულ მომავალში გადავდივართ. ცხადია, ამ მოდელების მხარდაჭერას გავაგრძელებთ მანამ, სანამ ჩვენი მომხმარებლები ამ ავტომობილებით ისარგებლებენ, თუმცა ქარხანას სრულად Optimus-ის საწარმოდ ვაქცევთ. ჩვენი გრძელვადიანი მიზანი წელიწადში ერთი მილიონი რობოტის წარმოებაა“, — განაცხადა Tesla-ს ხელმძღვანელმა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანოიდი რობოტების განვითარების მიმართულებით Tesla-ს ამბიციები უცნობი არავისთვის ყოფილა, Model S-ის წარმოების შეწყვეტა მაინც მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. მოდელი პირველად 2012 წელს გამოვიდა და საავტომობილო ინდუსტრიის წესები მთლიანად შეცვალა. დახვეწილი დიზაინის ელექტრომობილები, რომელთაც მაღალი შესრულება ჰქონდათ, ბაზრისთვის მაშინ შედარებით „უცხო ხილი“ იყო.

თუმცა ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ Tesla-ს გადაწყვეტილება დაგვიანებული იყო, რასაც ავტომწარმოებლის გაყიდვების შედეგებიც ადასტურებს. მაშინ, როდესაც Model 3 და Model Y ავტომწარმოებლისთვის ფინანსურად მოგებიანი მოდელებია, S და X, წლების განმავლობაში განახლებების მიუხედავად, თითქოს ნიშურ სტატუსში გაქრნენ. ამასთან ერთად კი გასათვალისწინებელია ჩინეთიდან გაზრდილი კონკურენცია და ის ფაქტი, რომ გასულ თვეში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების ბრენდის სტატუსი Tesla-ს სწორედ ჩინურმა BYD-მა ჩამოართვა.