პირველად ევროპაში, EV-ების გაყიდვებმა ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს გადააჭარბა
ევროპის ბაზარზე ელექტრომობილები მეორეხარისხოვან როლს აღარ სჯერდებიან. გასულ წელს კონტინენტზე მკვეთრად გაიზარდა ბატარეაზე მომუშავე ელექტრო (BEV), Plug-in და ტრადიციული ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები. ამის პარალელურად კი, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებზე მოთხოვნა კვლავ შემცირდა.
ცვლილება განსაკუთრებით თვალშისაცემი დეკემბერში იყო, როდესაც ევროკავშირში BEV-ების გაყიდვებმა ბენზინზე მომუშავე ავტომობილების მაჩვენებელს გადაასწრო. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი რეგულაციების შესაძლო შემსუბუქებაზე განხილვის ფონზე მოხდა.

შედეგად, გასულ თვეში BEV-ების წილი მთლიანი ევროპული ბაზრის 22.6%-ს შეადგენდა, ბენზინზე მომუშავე ავტომობილები კი მათ 22.5%-იანი მაჩვენებლით უპირისპირდებოდნენ. თუმცა, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი დეკემბერში მაინც ჰიბრიდებს ეკავათ (დაახლოებით 33.7%), ხოლო Plug-in ჰიბრიდები 10.7%-ით იყვნენ წარმოდგენილნი. დიზელის წილი კიდევ უფრო დაეცა და 7.2%-მდე ჩამოვიდა, ხოლო ალტერნატივები, როგორიცაა, მაგალითად, LPG, მხოლოდ 3.3%-ს მოიცავდა.
ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრების (მათ შორის ისლანდიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის) მასშტაბით, 2025 წლის განმავლობაში სულ 13 271 270 ახალი ავტომობილი გაიყიდა. ეს წინა წელთან შედარებით მოკრძალებული, მაგრამ შესამჩნევი, 2.4%-იანი ზრდაა. ამ მაჩვენებელში BEV-ების გაყიდვები 2 585 187 ერთეული იყო, რაც 2024 წელს გაყიდულ 1.9 მილიონ ერთეულთან შედარებით მნიშვნელოვანი, 29.7%-იანი მატებაა.

ამის მიუხედავადაც, ტრადიციულმა ჰიბრიდებმა გასულ წელს გაყიდვებით ყველა სხვა ტიპის ძრავაზე მომუშავე ავტომობილი „დაჩაგრეს“. ჯამში გაიყიდა 4 566 850 ჰიბრიდი, რაც 12.4%-იანი ზრდაა და ამ მაჩვენებლით მათ პირველად გადაუსწრეს ბენზინზე მომუშავე ავტომობილებსაც.
შედარებისთვის: 2024 წელს ლიდერობა — 4 273 880 გაყიდული ერთეულით — ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს ეკავათ. 2025 წელს მათზე მოთხოვნა მკვეთრად, 18.9%-ით დაეცა და 3 467 041 ერთეულამდე ჩამოვიდა.
ანალოგიურად, დიზელის ავტომობილებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად, 24%-ით შემცირდა — 1 349 899-დან 1 026 354 ერთეულამდე. ამან კი გზა გაუხსნა Plug-in-ებს, რომელთაც დიზელზე მომუშავე მოდელებს გადაასწრეს (1 272 901 ერთეული, რაც 2024 წელთან შედარებით 33.4%-ით მეტია).

აქვე საინტერესოა, რომ მხოლოდ დეკემბერში BEV-ების რეგისტრაცია 308 955 ერთეულამდე გაიზარდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50.3%-ით მეტია. ეს საკმარისი აღმოჩნდა ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გადასასწრებად, რომელთა გაყიდვებიც 17.7%-ით (254 449 ერთეულამდე) შემცირდა.
შენიშვნა: ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის ეს მონაცემები „ჰიბრიდული ელექტრო“ კატეგორიაში სრულ და მსუბუქ ჰიბრიდებს მოიცავს. ამჟამად გაყიდვაში არსებული ჰიბრიდების დიდი უმრავლესობა ბენზინზე მომუშავე შიგაწვის ძრავებს იყენებს. გამომდინარე აქედან, შესაძლოა უფრო ზუსტი იყოს ჰიბრიდული და ბენზინზე მომუშავე ავტომობილების ერთ კატეგორიაში გაერთიანება — ამ შემთხვევაში ისინი BEV-ებს კვლავ საგრძნობლად უსწრებენ.