ელექტრომობილები, იაგუარი, ჩერი, იაგუარ ლენდ როვერი
Aa
Aa

ბრიტანული ლეგენდის ჩინური მომავალი | Jaguar Land Rover-ი და Chery ძალებს აერთიანებენ?

Jaguar-მა ბოლო შიგაწვის ძრავით აღჭურვილი მოდელი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში წარადგინა. მას შემდეგ ავტომწარმოებელს მცირე პაუზა აქვს აღებული და მთლიანად Type 00 კონცეფციის სერიულ ვერსიაზეა გადართული. თუმცა ამ შემთხვევაშიც Jaguar-სგან შეზღუდული წარმოების ელექტრომობილს უნდა ველოდოთ, თანაც ექვსნიშნა ფასით.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ Jaguar-ს უთავისუფლდება დროითი და საწარმოო რესურსი, რომელიც მან შესაძლოა გაერთიანებულ სამეფოში ჩინური ავტომობილების აწყობას მოახმაროს. ალბათ საქმე ორივე მხარისთვის მოგებიან სცენართან გვაქვს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, ამ ნაბიჯმა სხვა ავტომწარმოებლები მნიშვნელოვნად დააზარალოს.

Financial Times-ის ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში Chery-ს მოდელების წარმოებისთვის შესაძლოა Jaguar Land Rover-ის რესურსები გამოიყენონ. როგორც ამბობენ, ბრიტანეთის მთავრობა ამ გეგმას მხარს უჭერს, თავის მხრივ კი, არც Chery-სთვისაა ურიგო მსგავს ბაზარზე ფეხის მოკიდება.

გავრცელებული ინფორმაციით, JLR-ისა და Chery-ს წარმომადგენლები პეკინში გაერთიანებული სამეფოს მაღალი რანგის პირებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. მეტიც, Auto Express-ი იუწყება, რომ მხარეები „შეთანხმების ხელმოწერის ზღვარზე“ არიან. მოლაპარაკებები კირ სტარმერის პეკინში ვიზიტის პარალელურად მიმდინარეობს.

Jaguar Land Rover-სა და Chery-ს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. მათ ერთობლივი საწარმო ჯერ კიდევ 2012 წელს შექმნეს, ორი წლის შემდეგ კი ჩანგშუში (Changshu) ქარხანაც გახსნეს, რომლის წლიური წარმადობა 130 000 ერთეულს შეადგენს. პარტნიორობა დროთა განმავლობაში გაფართოვდა: 2017 წელს ძრავების ქარხანა ამოქმედდა, ხოლო 2024 წელს Freelander-ის ბრენდის აღორძინების გეგმა დაანონსდა.

ასევე დაგაინტერესებთ: ეპოქის დასასრული | Jaguar-მა ბენზინზე მომუშავე უკანასკნელი ავტომობილი წარადგინა

SMMT-ის მონაცემებით, გასულ წელს გაერთიანებულ სამეფოში Chery-ს 5 500-ზე მეტი ავტომობილი დარეგისტრირდა. თუმცა ეს მაჩვენებელი არ მოიცავს Omoda-სა (19 855 ერთეული) და Jaecoo-ს (28 232 ერთეული) მოდელებს. მათი გათვალისწინებით, გაყიდვების რაოდენობა 76 000 ერთეულს აჭარბებს. შედარებისთვის, 2025 წელს გაერთიანებულ სამეფოში Jaguar Land Rover-ის რეგისტრაციამ სულ 62 500 ერთეული შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები