BMW iX3-ზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ 2026 წლის მოდელები წინასწარ ამოიყიდა
Neue Klasse რევოლუცია BMW-ში სულ ახლახან დაიწყო და პირველმა პრობლემამ თავი უკვე იჩინა... კარგით, ვხუმრობთ, ასეთ პრობლემაზე ყველა ავტომწარმოებელი იოცნებებდა... ახალი სრულად ელექტრო iX3-ის გაყიდვები ისეთი ტემპით მიმდინარეობს, რომ 2026 წლის საწარმოო ხაზი უკვე თითქმის სრულად ამოყიდულია — სავარაუდოდ, გერმანულ კომპანიას წარმოების გაფართოებაზე ფიქრი მოუწევს. 
გასული წლის ზაფხულში გამოჩენის შემდეგ, iX3-ის შეკვეთებმა BMW-ს ელექტრო მოდელების შეკვეთების მესამედი შეადგინა — მიწოდება მარტში დაიწყება, თუმცა თითქმის ყველაფერი უკვე გაყიდულია. Auto News-ის ცნობით, მიწოდების რიგის ზედმეტად გახანგრძლივების თავიდან ასარიდებლად, ბეემვე ელექტრომობილების წარმოებას უნგრეთში, დებრეცენის ქარხანაშიც დაიწყებს.
BMW-ს დროის კარგვა არ უყვარს, ამიტომ მალევე დაამატა პაკეტი, რომელიც iX3-ს კიდევ უფრო მიმზიდველად აქცევს. გაზაფხულიდან, კომპაქტური SUV დამუხტვის განახლებას მიიღებს, რაც დამმუხტველთან მოცდის დროს მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ. გადახალისდება ავტომობილის შესაძლო ფერების ვარიანტებიც: კერძოდ, დაემატება Eucalyptus Green და Frozen Space Silver ფერები. 

არ იფიქროთ, რომ ბავარიული კომპანია ძველ ელექტრო ქროსოვერებს დაივიწყებს — მიუხედავად იმისა, რომ ამ წლის ვარსკვლავი მაინც iX3 იქნება, განახლებებს iX1 და iX2-ც მიიღებენ — კერძოდ, ისინი აღიჭურვებიან მეტად ეფექტიანი, სილიციუმის კარბიდის ნახევარგამტარი კომპონენტებისგან, რაც ერთი დამუხტვით გავლად მანძილს, სულ მცირე, 40 კილომეტრით გაზრდის (ზრდის ხარისხი დამოკიდებულია ავტომობილის ვერსიაზე). აღნიშნული სიახლე ყოველდღიურ მოხმარებაში ამ საქალაქო ქროსოვერებისთვის მნიშვნელოვანი დანამატია, რადგან ეს პარამეტრი მათი ძლიერი მხარე არ ყოფილა, ახლა კი iX3 eDrive20, დაახლოებით, 514 კილომეტრს გაივლის.
ერთი სიტყვით, BMW-ს ელექტრიფიკაციის პროექტი ძალიან კარგი ადგილისკენ მიმავალ გზას ადგას...