როგორი იქნება ახალი სრულად ელექტრო E კლასი?
Mercedes-მა EQ ტექნოლოგიით აღჭურვილი E-Class-ის ანონსი მიმდინარე წლის დასაწყისში წარმოადგინდა — ჯერ მუშაობა დასრულებული არ არის, თუმცა ევროპელმა პაპარაცებმა შეძლეს სატესტო პროტოტიპის გადაღება. როგორც ჩანს, სრულად ელექტრო E კლასი EQE-ს ჩაანაცვლებს, რომელიც მომხმარებელთა შორის პოპულარობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა და მეტიც, მას უფრო ტრადიციული დიზაინი ექნება.
მიუხედავად იმისა, რომ პროტოტიპი საიმედოდაა შენიღბული, აშკარაა, რომ C-Class EQ-ს ნაკვალევს მიჰყვება და თავისუფლად შეიძლება, ნაკლებად გათვითცნობიერებულ პიროვნებას ეს ორი მოდელი ერთმანეთში აერიოს. 
უფრო დაკვირვებული თვალი მარტივად შეამჩნევს, რომ ელექტრომობილს ტრადიციული კარის სახელურები და უკანა ხედვის გვერდითი სარკეები აქვს. ასევე, E-კლასი აშკარად უფრო გრძელია.
კამუფლაჟი ბევრ დეტალს ფარავს, თუმცა შეგვიძლია დანამდვილებით ვქვათ, რომ მოდელს საკმაოდ ექსპრესიული ცხაურა ექნება, რომელიც GLC-სა და C კლასის ელექტრომობილებს მოგვაგონებს. საცდელ პროტოტიპზე დროებითი ფარებია დამონტაჟებული, რომლებიც მერსედესის სავიზიტო ბარათად ქცეულ სერიულ ფარებს დაუთმობენ ადგილს. 
ჯერჯერობით ზუსტად თქმა რთულია, თუმცა ელექტრომობილად ქცეული E კლასი სტანდარტულზე ოდნავ გრძელი შეიძლება იყოს — ყოველ შემთხვევაში, უკანა კარები უფრო დიდი ჩანს...
ფოტოგრაფებმა ინტერიერის გადაღება ვერ შეძლეს, თუმცა, სავარაუდოდ, ავტომობილის სალონი GLC-ის მსგავსი იქნება და მასშიც 39.1-ინჩიანი MBUX Hyperscreen იქნება დამონტაჟებული. 
კომპანიამ ხმოვანი იზოლაციის გაუმჯობესებისა (რაც, მერსედესისგან ცოტა უცნაური პირობაა...) და ნახევრად ავტომატური მართვის სისტემის დახვეწის პირობაც დადო. სხვა, სამწუხაროდ, არაფერი ვიცით, თუმცა ელექტრო GLC-ის მაგალითზე, კონკრეტული მინიშნებების ხაზგასმა შეიძლება...
GLC 400 4MATIC 483 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და ერთი დამუხტვით, დაახლოებით, 713 კმ-ს გადის. მოდელი აგრეთვე აღჭურვილია ჭკვიანი პნევმატური დაკიდებითა და უკანა ხიდის მართვის სისტემით, რომელიც ბორბლების 4.5 გრადუსით მობრუნების საშუალებას იძლევა.