Nissan, Infiniti, ნისანი, ინფინიტი ქიუიქს50
Aa
Aa

Nissan კიდევ ერთ ქარხანას ხურავს — Infiniti QX50-სა და QX55-ს ვეღარ ვიხილავთ

მიმდინარე წლის დასაწყისში, Nissan-მა მექსიკაში, კუერნავაკაში, ქარხანა CIVAC-ს დახურვის გეგმა დაადასტურა. ამჯერად, გავიგეთ ისიც, რომ დაიხურება იაპონური ავტომწარმოებლის კიდევ ერთი — COMPAS ქარხანა, რომელიც აგუასკალიენტეში მდებარეობს. 

შესაბამისად, Infiniti QX50-ისა და QX55-ს წარმოება მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. მიუხედავად ამისა, ქარხანა 2026 წლის მაისამდე არ დაიხურება და იქ მერსედესი GLB-ის წარმოებას გააგრძელებს, რომელიც აშშ-ში გერმანული ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაყიდვადი მოდელია. 

ქარხანა 2017 წელს Nissan-ისა და Mercedes-ის თანამშრომლობის ფარგლებში გაიხსნა, თუმცა ეს საუკეთესო პარტნიორობა ნამდვილად ვერ გამოვიდა — საწარმომ, რომელზეც დიდი იმედები მყარდებოდა, არაერთი არაპოპულარული მოდელი გამოუშვა (მათ შორის ხსენებული ინფინიტები და ერთადერთი და განუმეორებელი Mercedes A-Class).

გაყიდვების ფონზე, COMPAS-ის დახურვის გადაწყვეტილება ლოგიკურია — QX50-ის გაყიდვები 2025 წლის პირველ ცხრა თვეში 36.6%-ით შემცირდა (აშშ-ში სულ 4994 ერთეული გაიყიდა), ხოლო QX55-მა ქარხნის კუბოში ბოლო ლურსმანი ჩააჭედა, როცა თავი მხოლოდ 1931 ამერიკელს მოაწონა...

რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მხოლოდ მოდელების ბრალი არ არის — Nissan-ის მიზანია, გლობალური წარმოება 3.5-დან 2.5 მილიონამდე შეამციროს და ქარხნების უტილიზაციის მაჩვენებელი 100%-მდე გაზარდოს. ამ გეგმას ჯამში 7 საწარმო შეეწირება. 

საბოლოოდ, კრიზისის მენეჯმენტის ეს სქემა, როგორც ჩანს, მუშაობს — ფისკალური (2026) წლის პირველ ექვს თვეში ნისანი მხოლოდ 195 მილიონი დოლარის საოპერაციო ზარალს ელის, რაც გასული წლის 1.17 მილიარდის შემდეგ, ძალიან დიდი პროგრესია.

ნისანი ნამდვილად შედის იმ ავტომწარმოებლების რიცხვში, რომლებიც საჭირო დროს გადარჩენისთვის საჭირო გზას ყოველთვის პოულობენ ხოლმე. შესაბამისად, შეგიძლიათ ეს არათუ ზიანის ნიშნად, არამედ გამბიტად ჩათვალოთ...

მსგავსი სიახლეები