GPS-ს მინდობილმა მძღოლმა თავი მოტორბოლის ტრასაზე ამოყო
როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია, მოტომრბოლელი რომ ყოფილიყავით და შეჯიბრის დროს, ტრასაზე მთელი სიჩქარით მიმავალს, უცებ თქვენკენ მომავალი მანქანა დაგენახათ? ალბათ, სულ მცირე, სიკვდილს მაინც ჩახედავდით თვალებში — თქვენ წარმოიდგინეთ, 3 ნოემბერს ასეთ ვითარებაში რამდენიმე პროფესიონალი მრბოლელი აღმოჩნდა.
შეიძლება, რაიმე მისტიკური კვირაა — 1 კვირის წინ, მექსიკის გრან პრიზე, ტრაგედიას ფორმულა 1-იც გადაურჩა, როცა შუაგულ რბოლაში ლაიამ ლოუსონს წინ ორმა მარშალმა გადაურბინა.
ამჯერად, Tesla-ს მძღოლმა რაღაცნაირად მოახერხა, გაიარა უსაფრთხოების მიღმა და რბოლის მიმდინარეობისას ტრასაზე გაისეირნა, კომენტატორი კინაღამ შეშალა... და ეს ყველაფერი გამიზნული არ ყოფილა!
როგორც ჩანს, კალიფორნიის უდაბნოში მგზავრობისას, ინციდენტის გამომწვევი მძღოლი ზედმეტად დაეყრდნო ნავიგაციის სისტემას, რომელმაც ის მეტად უცნაური გზით წაიყვანა და AFM-ის მოტორბოლის მე-5 რაუნდში ამოაყოფინა თავი.
ტრანსლაციის მიმდინარეობისას, უეცრად არსაიდან გამოჩნდა წითელი Tesla, რომელმაც ბარიერებს შემოუარა და ტრასაზე გავიდა. საბედნიეროდ, წითელი დროშები მომენტალურად აღიმართა და რბოლის მონაწილეებმა მოტოები შეანელეს, რამაც ტრაგედია თავიდან აგვარიდა.
„მოტოციკლების რბოლას 23 წელია ვუყურებ, თუმცა ახლა არ ვიცი, საერთოდ რას ვუყურებ", — აცხადებდა სანახაობით გაოცებული კომენტატორი.
მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ეს შემთხვევა სასაცილოდ გეჩვენებოდეთ, არ გაეცინებათ Formula 1-ის სტაჟიან გულშემატკივრებს, რომელთაც 1977 წლის სამხრეთ აფრიკის გრან პრი ახსოვთ — უელსელ მრბოლელ ტომ პრაისს Kyalami-ს ტრასაზე მარშალმა რბოლის მიმდინარეობისას გადაურბინა — შეჯახების შედეგად ორივე მათგანი დაიღუპა. 
ასეა თუ ისე, როგორც Tesla-ს მძღოლი, ისე რბოლის ორგანიზატორები ამიერიდან უფრო ფრთხილად იქნებიან.