საქართველო, საწვავი, საწვავის ფასი, საწვავის იმპორტი, თიბისი კაპიტალი
Aa
Aa

2024 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტი გაიზარდა | საიდან ვყიდულობთ საწვავს?

„თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშით, 2024 წელს საქართველოში ბენზინის იმპორტის მზარდი ტენდენცია ნარჩუნდება. ბენზინის გარდა კი, მცირე კლების შემდეგ, ზრდას განაგრძობს დიზელის იმპორტიც. კერძოდ, გასულ წელს, საქართველოში ბენზინის იმპორტი წლიურ ჭრილში 7.6%-ით გაიზარდა და 918 მილიონ ლიტრს მიაღწია. 

აღნიშნული 918 მილიონი ლიტრიდან, ანგარიშის თანახმად, 470 მილიონი ლიტრი (51%) რეგულარის, 425 მილიონი ლიტრი (46%) პრემიუმის და 23 მილიონი ლიტრი (2%) სუპერის ტიპის საწვავზე მოდიოდა. საინტერესოა, რომ ჯამურ იმპორტში რეგულარის ტიპის საწვავის წილი კლებადია, რაც „თიბისი კაპიტალის“ შენიშვნით, ახალი ავტომობილების იმპორტით აიხსნება. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ავტოპარკი თანამედოვე ხდება და პრემიუმ ტიპის საწვავზე მოთხოვნა იზრდება. 

ცნობისთვის, 2024 წელს, ბენზინის საშუალო საიმპორტო ფასმა ლიტრზე 0.60-0.65 აშშ დოლარი შეადგინა, დიზელზე - 0.63 აშშ დოლარი. ხოლო საცალო ბაზარზე1 ლიტრი ბენზინისთვის  საშუალო ფასი 3.1 ლარს, ხოლო დიზელისთვის 3.3 ლარს შეადგენდა.

2024 წელს საქართველოსთვის საწვავის მთავარი საიმპორტო ბაზრები იყო ბულგარეთი, რუსეთი და რუმინეთი, რომელთაც საწვავის სრული იმპორტის 82% დაიკავეს. 2024 წელს, რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტზე აკრძალვის დაწესების შემდეგ, საქართველოში რუსეთიდან ბენზინის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, თუ 2023 წელს ბენზინის მთლიანი იმპორტის 57% მოდიოდა რუსეთზე, 2024 წელს 26%-მდეა დასული. 

რაც შეეხება დიზელს: 2023 წელს, დიზელის იმპორტის წლიურმა ზრდამ 8.8% შეადგინა, ხოლო 2024 წელს, 9.4%-იანი წლიური ზრდის შემდეგ, ამ მაჩვენებელმა 770 მილიონ ლიტრს მიაღწია. „თიბისი კაპიტალის“ აღნიშვნით, „დიზელი ძირითადად მძიმე ტექნიკაში მოიხმარება, როგორიცაა სამშენებლო მანქანები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანები. შესაბამისად, ამ სექტორებში გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა დიზელზე მოთხოვნას ზრდის“. 

საქართველოსთვის, დიზელის უმსხვილესი საიმპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია. კერძოდ, 2024 წელს, რუსეთმა საქართველოს იმპორტის 74% დაიკავა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, 18%-ით და რუმინეთი 6%-ით. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები