როგორია ახალი Mazda 6e | უკანა ამძრავი სრულად ელექტრო სედანი
Mazda-ს მომდევნო მასშტაბური EV პროექტი Mazda 6e იქნება. მოგრძო, მომრგვალებული ფორმების მქონე სედანი, ერთი შეხედვით, ელექტრომობილს სულაც არ მოგვანდომებს — როგორც ჩანს, მიუხედავად გამოცხადებული EV-ობისა, მაზდას სული ისევ ადგილზეა. Zoom-Zoom ეპოქა არსად წასულა, ის უბრალოდ ოდნავ მიჩუმდა.
ქაღალდზე, Mazda 6e-ს მონაცემები სოლიდური ჩანს. ერთი 190-კილოვატიანი ძრავა. დიდი, 78კვტ.სთ-იანი ბატარეა, ერთი დამუხტვით გავლილი 500-ზე მეტი კილომეტრი და სწაფი დამუხტვის ტექნოლოგია, რომელიც ელექტრომობილს 30-დან 80%-მდე, სულ რაღაც, 15 წუთში დამუხტავს.
თუმცა, მიუხედავად ჩამოთვლილი მონაცემებისა, ნამდვილად შთამბეჭდავი და გამორჩეული მონაცემი ავტომობილის უკანა ამძრავობაა. სრულად ელექტრო სედანების უმრავლესობა წინა ამძრავია, თუმცა იაპონურ ავტომწარმოებელს სურს, მისი მანქანების მართვა უფრო სიცოცხლით სავსე გამოცდილება იყოს.
ამ ყველაფერთან ერთად, ფასი ტრადიციულად ბიუჯეტურია — ახალთახალი სედანი 55000 დოლარი ეღირება, რაც დაახლოებით, Tesla Model 3-ისა და BYD Seal-ის კატეგორიაში აქცევს.

კომპანიაში კარგად იციან, რომ რაღაც განსაკუთრებული შექმნეს. ავსტრალიის მიმართულების ხელმძღვანელმა Mazda 6e-ს გამოსვლას „წყალგამყოფი მომენტი“ უწოდა.
Mazda-ს EV პროექტი ძალებს იკრებს
6e კარგი მაგალითია იმისა, რომ Mazda-ს EV სტრატეგია საკმაოდ შორს მიმავალი და გონივრულად დაგეგმილია. მოდელი ჩინეთში, მაზდას დიდი ხნის პარტნიორ Changan-თან თანამშრომლობით იწარმოება. პროექტის უკან იგივე გუნდი დგას, რომელმაც EZ-6 და Deepal შექმნეს.
ხელმისაწვდომი იქნება 6e-ს რამდენიმე კომბინაცია, განსხვავებული ბატარეებით, ისევე როგორც ჰიბრიდული ვერსია, თუმცა კომპანია, ამ ეტაპზე, სრულად ელექტრო ვერსიაზეა ფოკუსირებული. ეს არის მოდელი, რომელიც იაპონური მწარმოებლის აზრით, ერთგულ მომხმარებელს, რომელსაც ოქროს ხანა ახსოვს ელექტრომობილებისკენ გულს მოუბრუნებს.
თუ Mazda მართლაც შეძლებს, Zoom-Zoom ეპოქის მოდელების შეგრძნება ელექტრომობილში გააცოცხლოს, 6e-ს წარმატება გარდაუვალია.