Chery-მ Range Rover-ის რეკლამის გამეორება სცადა და... ჩაფლავდა | ვიდეო
2018 წელს Range Rover-მა დღეს უკვე ლეგენდად ქცეული რეკლამა შემოგვთავაზა, როცა Range Rover Sport-მა ჩინეთში, თიენმენის მთაზე მდებარე „სამოთხის კარიბჭის“ 999 საფეხური აიარა — ეს დრამატული ტრიუკი იყო, რომელმაც Land Rover-ის ოფროუდინგის რეპუტაცია კიდევ ერთხელ განამტკიცა და მთელ მსოფლიოს ანახა, რომ ბრენდი ახალ სიმაღლეებს (პირდაპირი გაგებით) იპყრობდა.
ჩინურმა ავტომწარმოებლებმა იფიქრეს, იფიქრეს და შემდეგი მოიფიქრეს — რატომ უნდა შეჩერდნენ მხოლოდ ლენდ როვერის დიზაინის იმიტირებით, როცა მთელი მარკეტინგის ფორმულის „სესხება“ შეიძლება? Chery-სთვის სამწუხაროდ, ამ სტრატეგიამ ძალიან უარყოფითად იმუშავა.
როგორც ვიდეოში იხილავთ, Defender-ს მიმსგავსებულმა Chery Fulwin X3L-მა გიგანტური კიბის, დაახლოებით, 3/4 გაიარა, შემდეგ კი რაღაცის გახეთქვის ხმა გაისმის, ავტომობილს გაურკვეველი კომპონენტი სძვრება, კონტროლს კარგავს და გორდება (Epic Fail).
დამატებით აღნიშვნას არ საჭიროებს ის, რომ ინციდენტი ჩინური მწარმოებლისთვის დიდი სირცხვილია — ეს კომპანიამაც გააცნობიერა: მალევე, სოციალური მედიის არხებში ბოდიშიც მოიხადა მარკეტინგული ჩაფლავებისთვის და მიღებული ზიანის სრული ანაზღაურების პირობა დადო.
Chery-ს განცხადებით, მარცხი უსაფრთხოების თოკმა გამოიწვია, რომელიც გაწყდა და SUV-ის მარჯვენა ბორბალში გაიხლართა.
Chert Fulwin X3L
თუ ობიექტურები ვიქნებით და ამ კონკრეტულ ინციდენტს გვერდით გადავდებთ, ფასთან შესაბამისობაში, Fulwin X3L ცუდი ავტომობილი სულაც არ არის. ახალთახალი მოდელის შეძენა მსურველებს, სულ რაღაც, 15000$-ად შეუძლიათ. 
მისი 1.5-ლიტრიანი ძრავა, 33.7 კვტ.სთ-იანი ბატარეების ბლოკთან ერთად, 422 ცხ.ძ-სა და 505 ნიუტონს გამოიმუშავებს და მხოლოდ ელექტროენერგიის საშუალებით გადაადგილების შემთხვევაში, 205 კილომეტრის გავლა შეუძლია.
ახლა კი იხილეთ, როგორ კეთდება ის, რაც Fulwin X3L-ს არ გამოუვიდა.