რუსეთი, ხელოვნური ინტელექტი, ჰუმანოიდი რობოტი, ტესლა
Aa
Aa

Tesla-ს კონკურენტი რუსეთიდან? | რუსული ჰუმანოიდი რობოტი დებიუტისას "ჩაფლავდა"

როგორც ჩანს, რუსებმა Tesla-სგან ინსპირაცია მიიღეს და საკუთარი ჰუმანოიდი AI-რობოტის შექმნაც განიზრახეს. თუმცა მათი მცდელობა პირველივე დებიუტისას კრახით დასრულდა მაშინ, როდესაც რობოტი საჯარო პრეზენტაციისას, პირდაპირ სცენაზე დაეცა.

ეს რუსეთის შიდა წარმოების ერთ-ერთი პირველი ჰუმანოიდი რობოტია და AIDOL-ის სახელითაა ცნობილი. AIDOL რუსულ, იმავე სახელწოდების სტარტაპს, Artificial Intelligence Dynamic Organism Lab-ს ეკუთვნის. ღონისძიებაზე, რომელსაც 50-მდე ჟურნალისტი ესწრებოდა, ანთროპომორფულმა რობოტმა, ხელის დაქნევის შემდეგ, წონასწორობა დაკარგა და სცენაზე წაიქცა. ორგანიზატორებმა რობოტი ადგილიდან სწრაფად გაიყვანეს და შავი ფარდაც ჩამოაფარეს.

ინციდენტის შემდეგ, კადრები სწრაფადვე გავრცელდა სოციალურ ქსელში, რასაც მოგვიანებით კომპანიის კომენტარიც მოჰყვა: "ვიცით, რომ რობოტის მდგომარეობაზე ბევრი ნერვიულობთ. ის საიმედო ხელშია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მალე გამოჯანმრთელდეს".

რამდენიმე დღეში, კომპანიამ კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც AIDOL თავზე სახვევებითა და ცხვირზე ბინტითაა. "ჩემი გუნდი უკვე მაძლევს სუფთა ენერგიას და ასუფთავებს ლინზებს ჩემს კამერაზე, რათა უკეთ დავინახო და ათეულობით კამერის განათებასაც გავუმკლავდე", - ამბობს რობოტი ვიდეოში. თუმცა ამ თავის მართლებების მიუხედავადაც, სოციალურ ქსელში მომხმარებლების ირონიული კომენტარები არ წყდება. მათ შორის, ზოგი ხუმრობს კიდეც, რომ ამ რობოტმა "სიარული ალკოჰოლიკებისგან ისწავლა". 

ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ინდუსტრიაში AIDOL ამ ინციდენტამდე შედარებით უცნობი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ხელმძღვანელს უკვე აქვს ოფიციალურ მოსკოვთან IT სფეროში მუშაობის გამოცდილება, თავად აცხადებენ, რომ ეს უბრალოდ 14 ადამიანისგან შემდგარი დამოუკიდებელი გუნდია, რომელიც ამ რობოტს წლებია, მხოლოდ საკუთარი სახსრებით, გარე ინვესტიციების გარეშე, ქმნის.

მსგავსი სიახლეები