Volkswagen-ს ფინანსური პრობლემები აქვს — ინვესტიციების ნაწილი შეჩერდება
Volkswagen ფინანსური სახსრების მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდის. გერმანულ კომპანიას დაბალ მოთხოვნასთან, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ტარიფების შედეგებთან და ფასების ზრდასთან ერთბაშად უწევს გამკლავება, რის საპასუხოდაც, VW Group-ის ზედამხედველთა საბჭომ მრავალმილიარდიანი საინვესტიციო პაკეტის მიღება გადადო.
საბჭოს აღნიშნული პაკეტი გასულ კვირას უნდა დაედასტურებინა, თუმცა გავრცელებული ცნობებით, კომპანიაში ამ მომენტში საკმარისი თავდაჯერებულობა არ არსებობს საიმისოდ, რომ ახალ მოდელებთან დაკავშირებულ დიდ სიახლეებს შეეჭიდონ და მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ქარხანაში ხარჯები გაზარდონ. 
Bild-ის ცნობით, საინვესტიციო პაკეტის დამტკიცებას, ბუნდოვანი ფინანსური სიტუაციის გათვალისწინებით, რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, რომელი მოდელების აწყობა გაგრძელდება და რომელი ქარხნები მოდერნიზდება.
ფოლკსვაგენის ფინანსური პრობლემები
გერმანული მედია აქტიურად წერს, რომ ავტომწარმოებელს პრობლემები აქვს. მომდევნო 5 წლისთვის, არსებული ცნობებით, ფოლკსვაგენს ბიუჯეტში მხოლოდ 160 მილიარდი ევრო აქვს გათვლილი.
ინვესტიციების შეფერხება ცუდი ამბავია Audi-სთვის, რომელსაც აშშ-ში ახალი ქარხნის გახსნა ძალიან დაემხარებოდა. მისი ორი მთავარი კონკურენტიდან (BMW და Mercedes-Benz) შეერთებულ შტატებში საწარმოო ცენტრები ორივეს აქვს, რაც ახალი ტარიფების მძიმე გავლენისგან მათ, მეტ-ნაკლებად, იცავს. VW Group ამერიკაში აუდის საწარმოს გახსნას მართლაც განიხილავდა, თუმცა ამას ძალიან დიდი ფინანსები დასჭირდება. 
სავარაუდოდ, ზედამხედველთა საბჭოს სპეციალური შეხვედრა დეკემბერში ჩაინიშნება და იქ საინვესტიციო პაკეტს თავიდან განიხილავენ, თუ, რა თქმა უნდა, იქამდე სიტუაცია ოდნავ მაინც გამოსწორდება.
იმ ფონზე, როცა Audi A8-ს მომავალი ბუნდოვანია და გერმანული ავტომშენებლობის ერთ-ერთი გიგანტი, შესაძლოა, ფლაგმანის გარეშე დარჩეს, VW-ის ფინანსური პრობლემები ავტომოყვარულებისთვის კარგი ამბავი ნამდვილად არ არის...