Ford მორიგი ლეგენდის წარმოებას ასრულებს — Focus აღარ გამოვა
ფორდის მიერ საკუთარი ლეგენდარული მოდელებისთვის გამოცხადებულ ომს მორიგი მსხვერპლი ჰყავს — ამჯერად ვიგებთ, რომ Ford Focus აღარ გამოვა. მართალია, ის 2018 წლიდან ჩრდილოეთ ამერიკაში აღარ იწარმოება, თუმცა ევროპაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
უკანასკნელი ფოკუსის წარმოება გერმანიაში, ზაარლუიში უკვე დაიწყო — კომპანიას ოფიციალურად მოდელის დასასრული არ გამოუცხადებია, თუმცა ქარხანაში დასაქმებული ინჟინრები ინფორმაციას ადასტურებენ და მას „მტკივნეულს“ უწოდებენ.
მეტიც, ბუნდოვანია თავად ზაარლუის ქარხნის ბედიც. ორი წლის წინ „ლურჯმა ოვალმა“ განაცხადა, რომ 2023 წლის ივნისში საწარმოსთვის პოტენციური ინვესტორი იპოვა, თუმცა მოგვიანებით ეს ანონიმური ინვესტორი საქმიდან გავიდა.
Ford-ის გეგმები ევროპაში
Focus-ის „სიკვდილი" კომპანიის ევროპული მიმართულებისთვის მძიმე სიახლეა, ვინაიდან გასულ წლებში გაყიდვებმა ისედაც მნიშვნელოვნად იკლო. ამას Volkswagen-თან კატასტროფული პარტნიორობის საშინელი ფინანსური შედეგებიც ემატება.

შესაბამისად, ამერიკული ავტომწარმოებლის ევროპული მიმართულების ხელმძღვანელს არაერთი მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ჯიმ ბაუმბიკმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად გონივრული იქნება ევროპაში Ford-ის საშუალო ზომის სრულად ელექტრო სატვირთოებზე მორგებული ახალი Universal EV Platform-ის დანერგვა.
თუ ამაზე უარს იტყვის, მოსალოდნელია, რომ აქცენტი ფოლკსვაგენთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე გაკეთდება და, სავარაუდოდ, ID.Polo-ზე დაფუძნებული ახალი Ford Fiesta გამოვა, რომელიც MEB Entry პლატფორმას დაეყრდნობა (და ფასიც დაბალი ექნება).
ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილების შესახებ მალე გახდება ცნობილი, თუმცა რაც ზუსტად ვიცით — კომპანია ესპანეთში, ვალენსიაში, ახალ „მრავალენერგიულ“ მოდელს გამოუშვებს — ეს საიდუმლოა, რომელსაც ფარდა 2027 წელს აეხდება (თუმცა ოცნების კოშკებსაც ნუ ააგებთ... გავრცელებული ცნობებით, ახალი მოდელი Ford Kuga-სთან ერთად წარმოებული ფოკუსის ზომის ქროსოვერი იქნება, რომელიც მომხმარებელს ჰიბრიდულ და სრულად ელექტრო ვარიანტებს შესთავაზებს).