რატომ არ უნდა დაგვენანოს ფული ძრავის შეცვლისას? | „არ იყიდოთ ძრავები Alibaba-დან“
არის შემთხვევები, როდესაც ფულის დაზოგვა თავის ტკივილად და ხშირად, ორმაგ ხარჯადაც კი გვექცევა ხოლმე. მაშინ კი, როდესაც საქმე ძრავას შეეხება, ალბათობა იმისა, რომ „იაფფასიანი“ ვარიანტები არ გამოგადგებათ საკმაოდ მაღალია. სწორედ მსგავსი რამ გადახდა თავს „იუთუბერს“, რომელმაც გადაწყვიტა თავისი Volkswagen GTI-ისთვის ძრავა ჩინური Alibaba-დან, თითქმის მეხუთედ ფასად გამოეწერა.

მაიკლ შუბლაკერმა, რომელიც ასევე MSB-ის სახელითაა ცნობილი, სულ რაღაც 2 000 აშშ დოლარად Alibaba-დან იაფფასიანი ძრავა გამოწერა, რადგან სათანადო ალტერნატივა $9 000 ჯდებოდა. Alibaba კი, რომელიც ძირითადად თავისი ულტრაიაფფასიანი პროდუქციითაა ცნობილი, ხარისხიანი შემცვლელი ვერ აღმოჩნდა. ძრავის მიღების შემდეგ, მაიკლმა ის Volkswagen GTI-ის დაუყენა, თუმცა 60 კილომეტრიც კი არ ჰქონდა გავლილი, რომ მუშაობა სრულად შეწყვიტა.
როგორც გითხარით, ძრავა მთლიანად გაფუჭდა, რის შემდეგაც „იუთუბერმა“ გადაწყვიტა ავტომობილი კაპოტის ქვეშაც დაეთვალიერებინა. მისი შიშები გამართლდა: ცილინდრები სითხით და ლითონის ნამსხვრევებით იყო სავსე. მაგრამ, იმის მაგივრად რომ თავი დაედანაშაულებინა, აქაც მეორე მხარე გაამტყუნა.
„არ აქვს მნიშვნელობა, იაფი იყო თუ არა. ძრავა 60 კილომეტრის დაფარვის შემდეგ არ უნდა გაფუჭდეს“, - განაცხადა შუბლაკერმა, თავის გამოცდილებას თაღლითობა უწოდა და ყველას ურჩია, რომ არასდროს ეყიდათ ძრავები Alibaba-დან.
საბედნიეროდ, GTI ამ „უპასუხისმგებლობას“ არ შესწირვია. საბოლოოდ „იუთუბერმა“ თავისი VW-ისთვის შესაბამისი ძრავა შეიძინა და ავტომობილი, ახლა უკვე ორი წელია რაც გზებზე კვლავ უპრობლემოდ გადაადგილდება.