ჩინური, LDV, LDV Deliver 9, კემპერი, მოგზაურობა
Aa
Aa

ჩინური ავტომწარმოებლები კემპერების ბაზარზეც გამოჩნდნენ | იხილეთ LDV Deliver 9

მსუბუქი ავტომობილებისა დასავლურ ბაზრებზე ფეხის საკმაოდ მყარად მოკიდების შემდეგ, ჩინური ბრენდები ამჯერად ავტომშენებლობის უფრო ვიწრო განშტოებებსაც მიადგნენ და „ბორბლებიანი სახლების“ წარმოება დაიწყეს.

მაგალითად, ავსტრალიაში ბოლო დეკადაში კემპერების მიმართ მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, რადგან უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს, იმოგზაუროს და ველურ ბუნებას ეზიაროს.

ამ ტრენდისათვის შესაბამისი პასუხის გაცემა ჩინურმა LDV-მ გადაწყვიტა და გამოუშვა Deliver 9 — კემპერი, რომელშიც კომფორტული ცხოვრებისათვის აუცილებელ ყველა ატრიბუტს ვხვდებით და ფასიც გასაოცრად მისაღებია.  

გრძელ თვლების ბაზაზე აგებული, მაღალჭერიანი LDV Deliver 9 სიგრძეში, დაახლოებით, 6 მეტრია (5940მმ), ხოლო სიმაღლეში 2.9მ (2925მმ). ის აღჭურვილია გასაშლელი ჩარდახითა და სახურავზე დამონტაჟებული კონდიციონერით — ერთი სიტყვით, ყველა იმ ფუფუნების საგნით, რომელიც თანამედროვე კემპერს სჭირდება.

სამზარეულოში დაგხვდებათ ნიჟარა, მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი და ინდუქციური ელექტროქურა. აქვე მცირე ზომის კარით მოხვდებით კომპაქტურ სააბაზანოში. მობრუნებადი წინა სავარძლები, გასაშლელი მაგიდა და უკანა სავარძლები კემპერის წინა მხარეს რამდენიმე ადამიანზე გათვლილ სასადილო ზონას ქმნიან. ხოლო უკანა ნაწილში ორ ადამიანზე გათვლილ საწოლს ვხვდებით, რომელიც მარტივად იკეცება, რათა არ დაბლოკოს ავტომობილის საავარიო გასასვლელი — უკანა მხარეს განლაგებული კარები.

რაც შეეხება ენერგიის წყაროს, კემპერი აღჭურვილია 2.56 კვტ.სთ-იანი ლითიუმის-იონის ბატარეითა და 190-ვატიანი მზის პანელით. ასევე, აქვე ვხვდებით 2 ცალ 100-ლიტრიან ავზს სუფთა წყლისთვის და 16-ლიტრიან ავზს ნარჩენებისთვის. 

კაპოტის ქვეშ 2-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ტურბოდიზელის ძრავა დაგხვდებათ, რომელიც 145 ცხ.ძ-სა და 375 ნიუტონს გამოიმუშავებს. სიმძლავრე უკანა ბორბლებს ექვსსიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით მიეწოდება. რაც შეეხება საწვავის ავზს, ის 80-ლიტრიანია. 

ასევე, კემპერს შეუძლია 2800კგ-მდე სხეულის ბუქსირება, რაც კარგი ამბავია მათთვის, ვისაც ნავებისა და მსგავსი ტრანსპორტის გადატანა სურს.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და დასავლური მწარმოებლებისთვის ყველაზე სახიფათო კემპერის ფასია. ის 58700$ ღირს, რაც, მაგალითად, Volkswagen-ის ანალოგიურ კემპერებზე თითქმის 2-ჯერ იაფია. მათთვის, ვისაც კემპერის ფლობა სურს და ბიუჯეტში შეზღუდულია, LDV Deliver 9 შესანიშნავი არჩევანია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები