General Motors არ ნებდება | 500 მილიონი დოლარი შიგაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის
General Motors აშშ-ში ინვესტიციებს ზრდის და შიგაწვისძრავიანი მოდელების წარმოებას დამატებით 550 მილიონი დოლარით დააფინანსებს ოჰაიოსა და მიჩიგანის ქარხნებში. ეს გლობალური 5.5 მილიარდიანი ინვესტიციების პაკეტის ნაწილია.
დაახლოებით 250 მილიონი გამოყოფილია Parma Metal Center-ისთვის, რომელიც ოჰაიოში მდებარეობს — ეს საწარმო GM-ის ამერიკული წარმოების ხერხემალია — აქ ყოველდღიურად 400 ტონა ფოლადი მუშავდება და წელიწადში 100 მილიონზე მეტი ნაწილი მზადდება.

„Parma Metal Center-ის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ ხელსაწყოების განახლებას არ ემსახურება — ეს იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც ამ ყველაფერს შესაძლებელს ხდიან. ჩვენი საწარმოო გუნდები GM-ის წარმატების უკან დგანან და ვაპირებთ, მათ მივცეთ ყველა ხელსაწყო და შესაძლო უნარი იმისათვის, რათა ავტომშენებლობის თანამედროვე ინდუსტრიაში იბრწყინონ. ჩვენ ინვესტიციას სამუშაო ძალაში ვდებთ და ეს მხოლოდ კარგი ავტომობილების წარმოებისთვის არ ხდება — ჩვენ გვსურს, ამერიკული ავტომშენებლობის მომავალს საფრთხე არ ემუქრებოდეს“, — განაცხადა მაიკ ტრევოროუმ, GM-ის საერთაშორისო წარმოების უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა.
ოჰაიოს გარდა, GM დამატებით 300 მილიონ დოლარს დეტროიტის მახლობლად მდებარე Romulus-ის ძალური სისტემების ქარხანასაც გამოუყოფს. მიზანი კომპანიის 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის წარმოების გაზრდაა. ამ კომპონენტს ამერიკული ავტომწარმოებელი პიკაპებსა და SUV-ებში იყენებს.

GM-ს წარმოების ხაზში ცვლილებების შეტანა მოთხოვნის ცვლილებების გამოც მოუწია. მაგალითად, 2023 წელს დახურული Orion-ის ქარხანა ელექტრო პიკაპების წარმოებისთვის იყო მოწყობილი, თუმცა ამჯერად ის შიგაწვისძრავიან Chevrolet Silverado-ს, GMC Sierra-სა და Cadillac Escalade-ს გამოუშვებს.

რაც შეეხება უფრო შორეულ მომავალს, GM-მა დაადასტურა, რომ Chevrolet Blazer-ის წარმოება მექსიკიდან კვლავ ტენესის შტატში გადმოინაცვლებს. აქ ის შეუერთდება Cadillac XT5-ს, Lyriq-სა და Vistiq-ს, რაც მორიგი ნიშანია იმისა, რომ, მიუხედავად ელექტრომობილების ინდუსტრიის სწრაფი მოძლიერებისა, შიგაწვისძრავიანი ავტომობილები გაქრობას, ჯერჯერობით, არ აპირებენ.