Mustang Boss-ი დაბრუნდა და ის ახალ Ferrari-ზე ძვირი ღირს
თქვენ წინაშეა Revology Boss 429, ავტომობილი, რომელიც წარსულსა და აწმყოს შორის არსებულ ზღვარს უგულებელყოფს და ერთმანეთთან იდეალურად შერწყმულ კლასიკურ და თანამედროვე „მასლქარს“ წარმოგვიდგენს. ზუსტად ისე, თითქოს 1969 წლის Ford Mustang-ი ოცდამეერთე საუკუნისთვის თავიდან დაიბადა და თან, არც თანამედროვეობის მიღწევები დაივიწყა.

ეს მოდელი გაცილებით მეტია, ვიდრე სტანდარტული რესტავრაცია. Boss-ის შემთხვევაში, კომპანიამ შასი ნულიდან შეცვალა, წარმოუდგენელი სიმძლავრე და მართვის გამოცდილება კი, 1960-იანი წლების მოდელის ქარხნულ დიზაინთან გააერთიანა. ქარხნული Mustang Boss 429, 7-ლიტრიანი V8 ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 375 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, რაც თავისი დროისთვის დიდი განაცხადი გახლდათ.

თუმცა Revology-მ ავტომობილის ლეგენდარული შესაძლებლობების დახვეწა განიზრახა და გამოუვიდა კიდეც. მან ამ საქმისთვის Ford-ის 5-ლიტრიანი სუპერჩარჯერი Coyote V8 შეარჩია, რომელიც ერთდროულად დახვეწილობისა და საიმედოობის სიმბოლოა. როგორც მოსალოდნელი იყო, სუპერჩარჯერი Coyote-ის ძრავა გაცილებით მძლავრია. ის 710 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისი შეწყვილება შესაძლებელია როგორც 6-სიჩქარიან, ასევე 10-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. რა თქმა უნდა, მთელი სიმძლავრე უკანა ბორბლებზე ნაწილდება.

Revology-ის მოდელი ორიგინალის თითქმის იდენტურია, მიუხედავად იმისა, რომ ფოლადის კორპუსის თითოეული პანელი ახალია. სპეციალური სტრუქტურული წებოს გამოყენებით კი, ეს ვერსია სტანდარტულ მოდელთან შედარებით ბევრად მყარიცაა. ექსტერიერისთვის Lava Orange-ის კაშკაშა ფერი შეირჩა, რომელიც Porsche-ს პალიტრიდან არის აღებული. ასევე სრულად გადაკეთდა ინტერიერი, ახალი სავარძლები და კარების პანელი, რომლებზეც მაღალი ხარისხის თეთრი ტყავია გადაკრული.
„Boss 429 ერთ-ერთი უიშვიათესი და სასურველი „მასლქარია“, რომელიც ოდესმე შექმნილა“, - განაცხადა ტომ სკარპელომ, Revology Cars-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. „Revology Boss 429 ამ ლეგენდარული მოდელის ასლი არ გახლავთ, არამედ მისი ხელახალი განსაზღვრებაა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა და წარმოების პროცესებს იყენებს“.
რა თქმა უნდა, ეს სიამოვნება იაფი არ დაგიჯდებათ. Revology-ს არ დაუკონკრეტებია რამდენი მოდელის გამოშვებას გეგმავს, თუმცა უკვე ვიცით, რომ მომდევნო წლის 50 ერთეულიდან ნახევარი უკვე გაყიდულია. მისი ექსკლუზიურობიდან გამომდინარე კი, ავტომობილის ფასი $395 000-დან იყიდება.