BMW-ის საკულტო როდსტერის ეპოქა დასრულდა | გერმანელები ბოლო მოდელს უშვებენ
ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიგეგმა, როდესაც Toyota-მ Supra-ს წარმოების დასრულება დააანონსა. BMW Z4 და GR Supra პირველივე დღეებიდან „ტყუპები“ არიან და როგორც ჩანს, წარმოების დასრულებაც ერთდროულად მოუხდათ. ახლა უკვე ოფიციალურად: BMW თავის 2-ადგილიან როდსტერს ემშვიდობება, თუმცა მანამდე, მომხმარებელს საყვარელი მოდელის ბოლო ვერსიას სთავაზობს.
ბოლო მოდელები მომავალი წლის თებერვლიდან აპრილის პერიოდში, Z4-ის საწარმოო ხაზის საბოლოოდ დახურვამდე გამოვა. Final Edition-ის ვერსიებში ავტომწარმოებელი სპეციალურ, Frozen Black-ის მეტალის საღებავს გამოიყენებს. სტანდარტულად შემოთავაზებული იქნება Shadowline-ის პაკეტი, რის გამოც ცხაური, გვერდითა სარკის საფარი და გამონაბოლქვის საფარი პრიალა შავ ფერშია გადაწყვეტილი, რასაც M Sport-ის წითელი სამუხრუჭე კალიპერები ემატება.

ინტერიერში, გერმანულმა კომპანიამ წითელი კონტრასტული ნაკერები გამოიყენა, რომელიც სავარძლებს, ინსტრუმენტთა დაფასა და კარებს ფარავს. ხოლო სავარძლებზე Vernasca-ს ტყავის და ალკანტარას ნაზავია. ასევე შეგიძლიათ კომფორტისა და ტექნიკური განახლებების სხვადასხვა ფუნქციებით ისარგებლოთ, პრემიუმ პაკეტს კი, Head-up-ის დისპლეი და Harman Kardon-ის აუდიოსისტემა მოჰყვება.

კაპოტისქვეშ 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ტურბოჩარჯერი ძრავა იმალება, რომელიც 382 ცხენის ძალასა და 500 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს, ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი M40i. წინა ბორბლებისთვის 19-ინჩიანი M Dual Spoke 800M-ის დისკები შეირჩა, რომელიც უკანა ბორბლების შემთხვევაში 20 ინჩამდე იზრდება.
თუ 6-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს აარჩევთ, ასევე მიიღებთ Handschalter-ის სპეციალურ ძარის ტიუნინგს, რომელიც უნიკალურ ზამბარებს, ხელახლა ტიუნინგირებულ საჭის პროგრამულ უზრუნველყოფასა და განახლებულ წევის კონტროლის სისტემას აერთიანებს. სხვა შემთხვევაში კი, 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი უნდა აირჩიოთ.

Final Edition-ის ღირებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში 78 000 აშშ დოლარს აღემატება, მათ შორის მიწოდების ხარჯები. სტანდარტული Z4 M40i-სთვის კი 69 575 აშშ დოლარის გადახდა მოგიწევთ.