ისტორიული გამარჯვების შემდეგ მახაჩევს ძვირად ღირებული SUV გადასცეს
2025 წლის 15 ნოემბერს გამართულ UFC 322-ზე, ისლამ მახაჩევმა ქვესაშუალო წონაში ჯეკ დელა მადალენა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქამარს დაეუფლა. შედეგად, დაღესტნელი მებრძოლი ახლა უკვე ორი წონის ჩემპიონია.
წარმატებული გამოსვლით, მახაჩევმა გამარჯვებების სერია ზედიზედ 16 მოგებამდეც გაზარდა, რითაც ანდერსონ სილვას ისტორიულ რეკორდს გაუთანაბრდა. კუთვნილ ქამართან ერთად კი, UFC-ის დაღესტნელ ჩემპიონს $150 000-ზე მეტად შეფასებული Land Rover Defender-იც გადაეცა. ძვირად ღირებული SUV, Gondwana Stone-ის ფერშია შესრულებული და მებრძოლს ის ABD Auto Services Dubai-მ გადასცა.

საჩუქარს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმის გათვალისწინებითაც, რომ მახაჩევი UFC-ის ისტორიაში ორი დივიზიონის რიგით მე-11 ჩემპიონი გახდა. „ABD Auto Services ულოცავს @islam_makhachev-ს ბრწყინვალე გამარჯვებას! ის ნამდვილი ჩემპიონი და შთაგონების წყაროა“, - ვკითხულობთ ABD Auto Services-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში. მახაჩევმა საჩუქარს მოკრძალებული ტექსტით უპასუხა და „სასიამოვნო საჩუქრისთვის“ თავის „დუბაელ ძმებს“ მადლობა გადაუხადა.
Islam Makhachev receives a Land Rover Defender as a gift after making history as a two-division champ ???????? pic.twitter.com/xtQU5ftCpi
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) November 29, 2025
Land Rover Defender-ი, Land Rover-ის ლეგენდარული SUV-ია, რომელიც ამჟამად ინდური კომპანიის, Tata-ს ქოლგის ქვეშ იწარმოება. Defender-ის ფასი საბაზისო მოდელებისთვის დაახლოებით $57 000-დან იწყება, მაღალი კლასის მოდელებისთვის კი, $170 000-მდეც იზრდება.
უახლესი Land Rover Defender-ის მაღალი კლასის მოდელები 4.4-ლიტრიანი ტვინტურბო V8 ძრავითაა აღჭურვილი და 626 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი 750 ნიუტონ მეტრს აღწევს, ხოლო SUV 0-დან 100-მდე 3.8 წამში ჩქარდება.