Volkswagen სხვადასხვა ხარვეზის გამო 400-მდე ID.4-ს უკან გაიწვევს
Volkswagen-მა ორი სასწრაფო უკან გაწვევა გამოაცხადა. პირველ შემთხვევაში, კომპანია ID.4-ის მფლობელებს მოუწოდებს, ავტომობილი გარეთ დააყენონ ხანძრის საშიშროების გამო, მეორე შემთხვევაში კი, მანქანას, შესაძლოა, ბორბალი მოსძვრეს.
თუმცა, სანამ აღელდებით, გეტყვით, რომ გაწვევა ყველა ID.4-ს არ ეხება — სინამდვილეში, მისი სამიზნე 311 ელექტრომობილია, რომლებიც 2023-2024 წლებში გამოუშვეს. მათი ბატარეების უჯრედების მოდულებში ელექტროდები ხარვეზიანია, რამაც შეიძლება აალება გამოიწვიოს. 
შესაბამის გაფრთხილებასა და უკან გაწვევის შესახებ შეტყობინებას, რა თქმა უნდა, კონკრეტული ავტომობილების მძღოლები მიიღებენ. სანამ ხარვეზი გამოსწორდება, კომპანია მათ ურჩევს, ავტომობილი დამუხტვის შემდეგ გარეთ გააჩერონ და დამმუხტველზე მთელი ღამით შეერთებული არ დატოვონ. ასევე, სასურველია, არ გამოიყენონ სწრაფი დამმუხტველები და ბატარეა 80%-ზე მეტად არ დამუხტონ.
აღნიშნული დარღვევა გერმანულმა ავტომწარმოებელმა რამდენიმე შემთხვევის ანალიზის შედეგად აღმოაჩინა: პირველ შემთხვევაში, 2024 წლის დასაწყისში, ID.4 თითქმის აალებამდე გადახურდა ილინოისში, სწრაფ დამმუხტველზე შეერთების შემდეგ. აქედან დაახლოებით ნახევარ წელიწადში უბრალოდ დაპარკინგებული ID.4 დაიწვა, ცოტა ხანში კი ანალოგიური მორიგ ჯერზე განმეორდა. ამის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა, შეემოწმებინა ამ ელექტრომობილების ბატარეები და არასწორ ადგილზე მყოფი ელექტროდების ხარვეზი აღმოაჩინა. 

მოსალოდნელია, რომ სხვა გაწვევებისგან განსხვავებით, ამჯერად 311-ვე ავტომობილის გალვანური ელემენტის მოდულები შეიცვლება. შეტყობინებები 2026 წლის იანვარში გაიგზავნება, თუმცა იქამდე სასურველია, ID.4-ის მფლობელებმა თავად შეამოწმონ საკუთარი ავტომობილის ბატარეის მდგომარეობა.
ბორბლის პრობლემა
მეორე გაწვევა კიდევ უფრო მცირეა და ის 2026 წლის 27 ერთეულ ID.4-ს, Atlas-სა და Atlas Cross Sport-ს ეხება. ქროსოვერების ბორბლები, შესაძლოა, არასწორი ჭანჭიკებით იყოს დამაგრებული, რასაც მართვის პროცესში მათი ავტომობილისთვის ჩამოშორება შეიძლება მოჰყვეს. ეს ძალიან საშიშია და მძღოლები, რომლებიც აღნიშნულ გაფრთხილებას მიიღებენ, Volkswagen-ის სერვის ცენტრებში სასწრაფოდ უნდა გამოცხადდნენ. რასაკვირველია, როგორც ამ, ისე წინა გაწვევის შემთხვევაში, ხარჯებს სრულად კომპანია დაფარავს. 
გაწვევების მაჩვენებლით, Volkswagen მოწინავე ნამდვილად არ არის, თუმცა ბევრი გაწვევა ავტომწარმოებელმზე ყოველთვის უარყოფითად არ მეტყველებს — ეს ნიშნავს იმასაც, რომ კომპანია მომხმარებელზე ზრუნავს და მის ჯანმრთელობას უფრთხილდება.