საქართველოს საავტომობილო ფლოტის ნახევარი 20 წელზე მეტი ასაკისაა | „თიბისი კაპიტალი“
„თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოს ავტომობილების ფლოტი 5.4%-ით გაიზარდა. მატება უმეტესწილად მსუბუქი ავტომობილების რაოდენობის ზრდით იყო განპირობებული.
შედეგად, მიმდინარე წლის პირველ 3 კვარტალში, პირველადი რეგისტრაციები 16%-ითაა გაზრდილი. ხოლო პირველ 10 თვეში, იმპორტი 5-ით, ხოლო რეექსპორტი 13%-ითაა მომატებული. ცნობისთვის, უკანასკნელ წლებში, რეექსპორტის ბაზარზე ორი ქვეყანა - ყირგიზეთი და ყაზახეთი დომინირებენ. აზერბაიჯანი კვლავ მესამე ადგილზეა (6,771 ავტომობილი), თუმცა წლიურ ჭრილში ცვლილებამ -29%-იანი ვარდნა დააფიქსირა.
„თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, საქართველოს საავტომობილო ფლოტის ნახევარზე მეტი, 52%, 20 წელზე მეტი ასაკისაა. თუმცა პირველად რეგისტრაციებში საშუალო ასაკის კლება და პრეპანდემიულ დონეზე დაბლა ჩასვლა მიანიშნებს, რომ ფლოტი განახლების ტენდენციას აჩვენებს. 11-დან 20 წლამდე ასაკის ავტომობილების წილი 29%-ს შეადგენს, 7-დან 10 წლამდე - 11%-ს, 4-დან 6 წლამდე - 4%-ს, ხოლო 0-დან 3 წლამდე, მხოლოდ 3%-ს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ სამ კვარტალში, პირველად რეგისტრაციებში ჰიბრიდი ავტომობილების რიცხვი წლიურად 24%-ით, ხოლო ელექტრომობილების რიცხვი 12 თვის ჭრილში 81%-ით გაიზარდა.
„თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, პირველად რეგისტრირებულ მსუბუქ ავტომობილებში Toyota ლიდერობს, რომელიც ფლოტის ყველაზე დიდ წილსაც იკავებს. 2025 წლის პირველ სამ კვარტალში, მსუბუქი ავტომობილების ფლოტში ხუთეული ასე გამოიყურება: Toyota, Mercedes-ი, Opel-ი, Ford-ი და BMW. თუმცა პირველად რეგისტრაციებში Ford-ის ლიდერობით, ანგარიშში ნავარაუდებია, რომ საავტომობილო ფლოტში ის Opel-ს მოკლე ვადაში გადაასწრებს.