მოდიფიცირება, ბენტლი, ბრაბუსი, ბენტლი კონტინენტალი ჯითი, ბენტლი კონტინენტალი ჯითისი სფიდი
Aa
Aa

ეს მხოლოდ მოდიფიცირება არაა, Brabus-მა ამ მოდელის წარსული სამუდამოდ წაშალა

Bentley-ის თავის ძირითად ხაზში შეყვანით, Brabus-ი მოდიფიცირებული ავტომობილების ასორტიმენტს მნიშვნელოვნად აფართოებს და თან, წარმოუდგენელ პროექტებსაც გვთავაზობს. ამჯერად, კომპანიამ 900 Superblack Coupe და 900 Cabriolet-ი წარგვიდგინა, რომლებიც უახლეს, Continental GT-ისა და GTC-ის მოდელებზე დააფუძნა.

სიმძლავრის ზრდასთან ერთად, ორივე მოდელი ვიზუალური გაუმჯობესებების მთელი პაკეტით გამოირჩევა. მათ შორის კარბონის დეტალებით, უნიკალური ტყავის სალონითა და ახალი, ალუმინის ნაჭედი დისკოებით.

ტრანსფორმაცია სწორედ 22-ინჩიანი, Monoblock ZM Platinum Edition-ის შავი ფერის დისკოებით იწყება, რომლებიც სიმტკიცისა და ვიზუალური დახვეწილობისთვისაა შექმნილი. ამას დამატებული ახალი შემშვები მილები, სპლიტერი, დახვეწილი სპოილერი და უკანა დიფუზორი, რომელშიც ოთხმაგი გამოსაბოლქვი მილებია განთავსებული.

Brabus-მა ხელუხლებელი არც Bentley-ის ქარხნული ბრენდინგი დატოვა. უახლეს ვერსიებში ავტომწარმოებლის ემბლემებსაც კი ვეღარ შევხვდებით, არც ის ცნობილი ფრთიანი B-ლოგო დაგხვდებათ. Brabus-ის გავლენა ინტერიერშიც ძლიერად იგრძნობა, მათ თითოეულ სანტიმეტრზე, საბარგულით დაწყებული, ხელსაწყოთა პანელით დასრულებული.

განახლებული მოდელების პლაგ-ინ სისტემაში, Brabus-მა სტანდარტული ელექტროძრავა დატოვა, თუმცა ტვინტურბო 4-ლიტრიანი V8-იანი მკვეთრად გაუმჯობესებული ვერსიით შეცვალა. შედეგად, კომბინირებული სიმძლავრე 117 ცხენის ძალით და 100 ნიუტონ მეტრით, შესაბამისად 888 ცხენის ძალამდე და 1 100 ნიუტონ მეტრამდე გაზარდა.

ასეთი შესაძლოებით, 0-დან 100-მდე აჩქარების დროც GT-სა და GTC-ში 2.9 წამამდე შემცირდა, როდესაც ქარხნული ვერსიებისთვის შესაბამისად, 3.2-სა და 3.4 წამს შეადგენდა. ელექტრონულად შეზღუდული მაქსიმალური სიჩქარე კი, კუპესთვის 335 კმ/სთ, ხოლო კაბრიოლეტისთვის 285 კმ/სთ-ია.

ღირებულებაც განახლებების შესაბამისია: კუპესთვის საბაზო ფასი 573 000 აშშ დოლარია, ხოლო კაბრიოლეტისთვის - 539 000 აშშ დოლარი. შედარებისთვის, იმავე ბაზარზე, Continental GT Speed-ის საბაზო მოდელი 343 700 აშშ დოლარიდან იწყება. თუმცა Brabus-ის ექსკლუზიურობას ფასის მატება ყოველთვის მოჰყვება, კომპანია კი, თავის მომხმარებელს ძალიან კარგად იცნობს.

 

მსგავსი სიახლეები