ლე მანის 24 საათი, რბოლა, Chery, ჩინური, ლე-მანი, Exeed
Aa
Aa

Chery ლე-მანის 24-საათიანი რბოლისთვის მზადებას იწყებს

ჩინეთის ოთხი უდიდესი ავტომწარმოებლიდან ერთ-ერთი, Chery, გავრცელებული ცნობების თანახმად მსოფლიოს ყველაზე რთული გამძლეობის რბოლისთვის ემზადება — შესაძლოა, ჩინური მანქანა ლე-მანის 24-საათიან რბოლაში ვიხილოთ. ბრენდმა განაცხადა, რომ აქვს ამბიცია, უახლოეს 5 წელიწადში ლეგენდარულ რბოლაში გამოვიდეს. 

აღნიშნული განცხადება, ცოტა არ იყოს, ირონიულია მას შემდეგ, რაც ბრნდის SUV-მა Land Rover-ის რეკლამის გამეორების მცდელობისას სამარცხვინო მარცხი განიცადა — მანქანამ 999 საფეხურის ავლა ვერ შეძლო, დაგორდა და „სამოთხის კარიბჭის“ მოაჯირები დააზიანა. ლე-მანის წარმატებით დასრულება კი ამაზე ბევრად რთული და კომპლექსური საქმეა.

Chery ავტოსპორტში ერთ-ერთი ქვე-ბრენდით, Exeed-ით შეაბიჯებს, რომელმაც მცირე ხნის წინ Automobile Club de I'Ouest-თან (ACO) პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა. საჭირო გამოცდილების მისაღებად, Chery საკუთარ სარბოლო სერიას აფუძნებს — Exeed Unified Race სერიები დაეხმარება კომპანიას, განავითაროს სარბოლო ტექნოლოგიები და შეარჩიოს მრბოლელები, რომლებიც მზად იქნებიან გამძლეობის რბოლებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. 

აზიიდან ლე-მანამდე

საშინაო სარბოლო სერიების შემდეგ, Chery ლე-მანის აზიურ სერიებში გამოსვლას გეგმავს. ეს საერთაშორისო ასპარეზზე პირველი სერიოზული გამოცდა იქნება. ჯერჯერობით ჩინურ ავტომწარმოებელს არ დაუდასტურებია, რომელ ქვეკატეგორიაში გამოსვლას გეგმავს — არჩევანი ვრცელია Le Mans Prototype 2-დან GT3-მდე. თითოეულ კატეგორიას რადიკალურად განსხვავებული მოთხოვნები აქვს და, შესაბამისად, განსხვავებულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. 

აზიის სერიაში წარმატების შემთხვევაში კი შემდეგი ნაბიჯი 24-საათიანი ლეგენდარული რბოლა იქნება. მომავალი გვიჩვენებს, რისთვის იქნება Chery მზად, კოლაბორაციას მიმართავს თუ დამოუკიდებლად გამოვა, თუმცა თუ ჰიპერქარების კლასში აღმოჩნდება, ჩინურ ავტომობილს ვიხილავთ ისეთი ბრენდების გვერდით, როგორებიც Ferrari, McLaren, Toyota და სხვები არიან.

გარდა ამისა, ACO-სთან პარტნიორობის ფარგლებში, ჩინური ავტომწარმოებელი ჩინეთში ლე-მანისთვის სერთიფიცირებულ სარბოლო ტრასას ააშენებს, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან რბოლას მიიღებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები