აკრძალვის მოხსნის მიუხედავად, Volkswagen შიგაწვისძრავიან სედანებს აღარ გამოუშვებს
ავტომწარმოებლებმა ცოტა არ იყოს ამოისუნთქეს მას შემდეგ, რაც ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა, გაეუქმებინა აკრძალვა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვა 2035 წლის შემდეგ აღარ იქნება შესაძლებელი. ამის მიუხედავად, კომპანიებს მაინც მოუწევთ, რომ ემისიები 90%-ით შეამცირონ 2021 წლის მონაცემებთან შედარებით. 2030 წლიდან ამჟამად არსებული წესები საგრძნობლად გამკაცრდება, რათა გადასვლა მეტად დაბალანსებული იყოს. 
ამაზე დაყრდნობით, Vokswagen-ში დარწმუნებულები არიან, რომ მცირე ზომის შიგაწვისძრავიან ავტომობილებს ევროპაში მომავალი არ აქვთ. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ Polo-ს მსგავსი მოდელები სრულად ელექტრომობილებად გადაიქცევიან. თომას შრაფერმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ამ სეგმენტის მომავალი ელექტროა. ახალი შიგაწვიძრავიანი მანქანის შექმნა B სეგმენტში, რომელიც ამავდროულად რეგულაციებს დააკმაყოფილებს, ძალიან რთული და ძვირი იქნება, რაც, საბოლოოდ ფასს გააძვირებს და გაყიდვებს მოკლავს.
სავარაუდოდ, ცოტა ხანში სედანი დაკარგავს შიგაწვის ძრავას და სრულად ID.Polo-დ გადაკეთდება. შიგაწვის ძრავაზე დაბრუნება გამორიცხულია A სეგმენტის ისეთ წარმომადგენლებთანაც, როგორებიც up! და Lupo არიან. ეს მოსალოდნელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ ევროპულ ბაზარზე ჩინეთიდან უამრავი ხელმისაწვდომი ელექტრომობილი „შემოცვივდა“. რაც შეეხება სრულად ელექტრო Polo-ს, ის მომავალ წელს გამოჩნდება და 25000 ევრო ეღირება. 

2027 წელს ID.Every1-ის სერიული ვერსია გამოვა და მისი ფასი 20000 ევრო იქნება. VW პოლოს ზომის ელექტრო ქროსოვერის გამოშვებასაც გეგმავს, რომელიც ID.Cross-თან ერთად წარადგინა IAA Mobility Show-ზე. სამივე მოდელი MEB+ პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული, რომელიც სპეციალურად ელექტრომობილებისთვისაა შექმნილი.
კომპანიას კი ფინანსური პრობლემები ამ მომენტში არ უდგას. გაყიდვების უკანასკნელი სტატისტიკის თანახმად, ფოლკსვაგენი ევროკავშირის ყველაზე გაყიდვადი ბრენდია. VW ერთადერთია, რომელმაც 2025 წლის პირველ 10 თვეში მილიონ ერთეულზე მეტი გაყიდა. თუ ევროკავშირთან დავაჯამებთ გაერთიანებული სამეფოს, ისლანდიის, ლიხტენშტაინის, ნორვეგიისა და შვეიცარიის მონაცემებს, გერმანულმა ავტომწარმოებელმა 1 208 829 ავტომობილი გაყიდა.