ეპოქის დასასრული | Jaguar-მა ბენზინზე მომუშავე უკანასკნელი ავტომობილი წარადგინა
ეს ეპოქის დასასრულია. Jaguar-მა ინგლისში, სოლიჰალის ქარხანაში, F-Pace-ის ბოლო ერთეული ააწყო, რაც ფაქტობრივად წარმოების დასასრულს ნიშნავს. ეს კი იქნება კომპანიის ბოლო ავტომობილი, რომელიც შიგა წვის ძრავაზე (ICE) იმუშავებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს Jaguar-ისთვის ეპოქალური მოვლენაა, ავტომწარმოებელმა ამ ფაქტს სოციალურ ქსელში პატარა პოსტიც კი არ მიუძღვნა. Jaguar-მა ეს ყველაფერი წარმოუდგენლად ჩუმად გააკეთა, რაც ბევრის თქმით, მათი მემკვიდრეობის უპატივცემულობაა.


რადგან თავად ავტომწარმოებელს ამ ფაქტის აღსანიშნად არაფერი გაუკეთებია, ეს მისია საკუთარ თავზე Jaguar-ის ენთუზიასტთა კლუბმა აიღო. მისი წევრები გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე იმყოფებოდნენ და ახალი მოდელის შესახებ ინფორმაციაც მოგვაწოდეს. როგორც მათგან ხდება ცნობილი, F-Pace SVR-ის უკანასკნელი ეგზემპლარისთვის ბრენდმა საკულტო E-Type-ის პატივსაცემად შავი ფერი შეარჩია.
ამ კროსოვერის უკანასკნელი ერთეული, სავარაუდოდ, Jaguar Daimler Heritage Trust-ს გადაეცა. ის შეუერთდება კოლექციას, რომელშიც არაერთი პროტოტიპი და ისტორიული კონცეპტია შემონახული, ასევე სარბოლო მანქანები და საგზაო მოდელები.

Jaguar-ის გუნდი ამჟამად სრულად კომპანიის ახალ ელექტრო GT-ის განვითარებაზეა ფოკუსირებული. Type 00 კონცეფციით შექმნილი მასობრივი წარმოების მოდელი თავდაპირველი გეგმით მიმდინარე წლის დასასრულს უნდა გამოჩენილიყო, თუმცა მას სავარაუდოდ 2026 წლამდე ვერ ვიხილავთ. ზუსტი დრო ჯერ კიდევ უცნობია.


ავტომობილი, რომლის ღირებულებაც ექვსნიშნა ნიშნულს მიაღწევს, Jaguar Electrical Architecture-ით იქნება აღჭურვილი და ერთი სრული დამუხტვით 700 კილომეტრამდე დაფარვას შეძლებს. ხოლო სწრაფი დამუხტვა, დიდი ალბათობით, EV-ისთვის 15 წუთში 322 კილომეტრს უზრუნველყოფს.
ამ ეტაპზე არაფერი ვიცით ელექტრომობილის შესაძლებლობებზეც, თუმცა საკითხთან დაახლოებული პირები სამძრავიან სისტემაზე მიუთითებენ — სავარაუდოდ, სულ მცირე 1 000 ცხენის ძალის გამომუშავებით.