წყალქვეშა გზა, Rogfast-ის წყალქვეშა გვირაბი
Aa
Aa

ნორვეგია მსოფლიოში ყველაზე გრძელ და ღრმა წყალქვეშა საავტომობილო გვირაბს აშენებს

მსოფლიოში ყველაზე გრძელი და ამავდროულად, ღრმა წყალქვეშა გვირაბი, რომელიც ავტომობილების გადაადგილებისთვის იქნება განკუთვნილი, ნორვეგიაში აშენდება. საავტომობილო გვირაბის დანიშნულება ქალაქებს შორის მგზავრობის დროის შემცირება და გზებზე გადატვირთული მოძრაობის შემცირებაა.

Rogfast-ის სახელით ცნობილი გვირაბის სიგრძე 27 კილომეტრი იქნება. გვირაბის სახელწოდება Rogaland fastforbindelse-ის შემოკლებული ფორმაა - რეგიონი, სადაც გვირაბი მდებარეობს და ფრაზა, რომელიც ნორვეგიულად „ფიქსირებულ კავშირს“ ნიშნავს. Rogfast-ის ყველაზე ღრმა წერტილი ზღვის დონიდან 392 მეტრზე მდებარეობს, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ღრმა საგზაო გვირაბადაც აქცევს.

„ბევრად სწრაფი და საიმედო კავშირის შექმნით, Rogfast-ის გვირაბი, სტავანგერისა და ჰაუგესუნდის რეგიონებს შორის კავშირს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - განაცხადა ენ ბრიტ მოენმა, Skanska-ს პროექტის მენეჯერმა და აღნიშნა, რომ არსებული საბორნე კავშირების შეცვლით, მგზავრობის დრო დაახლოებით 40 წუთით შემცირდება, ხოლო ყოველდღიურად გადაადგილებაც გამარტივდება.

შესაძლოა მარტივად ჩანდეს, თუმცა მსგავსი პროექტის მშენებლობა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. თანამედროვე გვირაბების უმეტესობის მსგავსად, დროის დაზოგვის მიზნით, Rogfast-ის მშენებლობა ორივე მხრიდან ერთდროულად დაიწყება. სამშენებლო ჯგუფები კი, ერთმანეთს გზის შუაში შეხვდებიან — მაქსიმუმ 5 სანტიმეტრის ცდომილების ზღვრით.

ცდომილების ამ სიზუსტით დაცვას ნორვეგია ლაზერებისა და სხვა მოწინავე აღჭურვილობის გამოყენებით შეძლებს. მაგალითად, მბრუნავი, სარკისებური ლაზერული სკანერი, რომელიც ახლად გათხრილი გვირაბის ნაწილს ამოწმებს და წამებში მილიონზე მეტ ინფორმაციას აგროვებს, რათა გვირაბის „ციფრული ტყუპისცალი“ შექმნას. 

პროექტი ორი ცალკეული გვირაბისგან შედგება და თითოეულს ორი საგზაო ზოლი ექნება. მშენებლობა 2018 წლის იანვარში დაიწყო, თუმცა მაღალი ხარჯების გამო, 2019 წლის დასასრულს შეჩერდა. სამუშაოები 2021 წლის ბოლოს განახლდა და არსებული გეგმით, გვირაბის დასრულება 2033 წლისთვისაა გაწერილი. პროექტის საერთო ღირებულება 25 მილიარდი ნორვეგიული კრონა, შესაბამისად 2.4 მილიარდი აშშ დოლარია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები