რეგულაციები, გამონაბოლქვი, მერსედესი, ჯარიმა
Aa
Aa

Mercedes-მა გამონაბოლქვზე იცრუა | კომპანიამ მილიონობით დოლარის ჯარიმა უნდა გადაიხადოს

გერმანულ ავტომწარმოებელს გამონაბოლქვზე მონაცემების გაყალბებასა და მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას ედავებიან. საქმე 200 000-ზე მეტ დიზელზე მომუშავე ავტომობილს ეხება, რომელთა გამოც Mercedes-ს შესაძლოა დამატებით 150  მილიონ დოლარზე მეტის გადახდა მოუწიოს.

რეალურად, ეს ქეისი ახალი არაა და ის „დიზელგეითის“ სახელითაა ცნობილი. როგორც ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურა აცხადებს, ცნობით, „Mercedes-მა ასობით ათასი დიზელის ავტომობილი უცნობი პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვა, რომელიც გამონაბოლქვის ტესტების გასაყალბებლად, მომხმარებლების შეცდომაში შესაყვანად და უკანო დაბინძურების ხელშესაწყობადაა შექმნილი“.

Mercedes-ის გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფა ოფიციალური ტესტირებებისას გამონაბოლქვს ხელოვნურად, დასაშვებ ზომამდე ამცირებდა. თუმცა სტანდარტული მართვის დროს, ავტომობილების გამონაბოლქვი კანონიერ ზღვარს 30 ან 40-ჯერ აღემატებოდა.

გარდა იმისა, რომ კომპანიამ ამ ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის სერტიფიკატები მიიღო, კოალიციის განცხადებით, Mercedes-მა ცრუ რეკლამირებით მომხმარებლები შეცდომაშიც შეიყვანა. კერძოდ კი, გერმანული ფირმა სარეკლამო კონტენტში თავის ავტომობილებს „სუფთა“, „მწვანე“ და „ულტრა დაბალი გამონაბოლქვის“ მქონე მოდელებად ასახელებდა.

სავარაუდოდ, 2008-დან 2017 წლამდე Mercedes-მა 211 000-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა, რომელიც ამ მოწყობილობით იყო აღჭურვილი. შეთანხმების პირობების თანახმად, Mercedes-ს 149 673 750 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს, აქედან $120 მილიონი კი, „ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და შემცირების“ მიზნით შტატებს გადაეცემა.

ცნობისთვის, სარჩელში Mercedes-ის შემდეგი მოდელებია დასახელებული: 2014-16 წლების E250, 2011-13 წლების E350, 2009 წლის GL320, R320 და ML320, 2010-16 წლების GL350, 2015 წლის ML250, 2016 წლის GLE300d და GLE350d, 2013-2015 წლების GLK250, 2010-14 წლების ML350, 2010-12 წლების R350, 2012-13 წლების S350, 2014-16 წლების Mercedes / Freightliner Sprinter (4-cylinder) და 2010-16 წლების Mercedes / Freightliner Sprinter (6-cylinder).

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები