Toyota GR Corolla რალიში ბრუნდება | ლეგენდას ამერიკაში ვიხილავთ
როგორც იქნა, Toyota-მ გადაწყვიტა, რომ Corolla 2026 წლისთვის რალიში დააბრუნოს. ეს დიდებული ამბავია, თუმცა ახალი მოდელი არ წავა იქ, სადაც Yaris-ი ბატონობს. შესაბამისად, GR Corolla-ს რალის ამერიკული ასოციაციის (ARA) ჩემპიონატში ვიხილავთ.
იაპონურმა ავტომწარმოებელმა GR Corolla-ს კონცეპტი 2025 წლის დასაწყისში, ტოკიოს ავტოშოუზე წარადგინა, ამჯერად კი საბოლოოდ დაადასტურა, რომ სრულად განვითარებული ვერსია ARA-ში მომავალი სეზონიდან ჩაერთვება. GR Corolla RC2 (ოფიციალურად ასე ჰქვია) RC2 კლასში გამოვა, რომელიც Toyota-ს ცნობით, დაახლოებით, Rally2-ის კლასის იდენტურია. კოროლა შეინარჩუნებს 1.6-ლიტრიან, ტურბოჩაბერვის მქონე სამცილინდრიან ძრავას, რომელიც GR Corolla-ს საგზაო ავტომობილში გამოიყენება, თუმცა სხვა დეტალებზე ბევრი არაფერი ვიცით. 
პირველი რბოლა, რომელშიც მოდელი მონაწილეობას მიიღებს, 1000 Acre Wood Rally იქნება მისურიში. ავტომობილის მძღოლი ამერიკელი სეთ კინტერო იქნება, რომელიც, გარდა ამისა, Toyota-ს მიერ დაფინანსებულ World Rally Raid Championship-შიც (W2RC) გამოვა. მისი შტურმანი კი ფინელი ტოპი ლუტთინენი იქნება.
Corolla-ს რალიში ხანგრძლივი ისტორია აქვს, 1975 წელს 1000 Lakes Rally-ზე ჰანუ მიკოლას გამარჯვებიდან 1999 წელს WRC-ის კონსტრუქტორების ჩემპიონატის გამარჯვებამდე, რის შემდეგაც იაპონური კომპანია რალის ჩაეხსნა და მხოლოდ 2010-იანი წლების მე-2 ნახევარში Yaris-ით დაბრუნდა, რომელმაც სრული დომინაცია დაამყარა. კოროლას ARA-ზე გამოჩენა ბრენდს „ჩრდილოეთ ამერიკის გზებზე ავტომობილების განვითარებაში და ავტოსპორტისთვის უკეთესი მანქანების შექმნაში დაეხმარება“.
GR Corolla RC2 რალის ამერიკელი ფანებისთვის გაკეთებული საჩუქარიც არის. ამ ნაბიჯით Toyota კონკურენციას შექმნის Subaru-სთან, რომელიც უკვე დიდი ხანია, ARA-ში სტაბილურად მონაწილე ერთადერთი ავტომწარმოებელია. იაპონელ მწარმოებლებს შორის 1990-იანი წლების რალის ომების განმეორებით ხილვაზე კი უარს არცერთი ავტომოყვარული არ იტყოდა...