ნახეთ, როგორი იყო Dodge-ის პირველი ოფროუდ პიკაპი
ათწლეულებით ადრე, ვიდრე Ford Ranger Raptor და Ram 1500 RHO გამოჩნდებოდნენ, Dodge-მა ერთ-ერთი პირველი ოფროუდ პიკაპი შექმნა.
ამერიკული კომპანია 1900-იან წლებში ძმებმა, ჰორას და ჯონ დოჯებმა დააარსეს — მას შემდეგ მარკა, რომელიც დღეს Stellantis-ის ქოლგის ქვეშ არსებობს, ამერიკულ მასლქარებთან დაკავშირებული ერთ-ერთი უდიდესი სახელია (Dodge-მა ხომ საავტომობილო სამყაროს Challenger და Charger მისცა?)
თუმცა ცნობილ სპორტქარებამდე ბევრად ადრე, კომპანიამ სწორედ აღნიშნული პიკაპი — Dodge Power Wagon შექმნა, რომელიც თავისი დროისთვის (და, ალბათ, დღევანდელი გადმოსახედიდანაც) ნამდვილი მონსტრი იყო.
მოდელის წარმოება 1945 წელს დაიწყო და ის საკმაოდ გამძლე და მძლავრ სამხედრო სატვირთო ავტომობილ Dodge WC-ს დაეფუძნა, რომელიც მე-2 მსოფლიო ომში გამოიყენებოდა. სრულად ამძრავ პიკაპს 3.8-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავა ამოძრავებდა, რომლის მიერ გამომუშავებული 94 ცხენის ძალა ბორბლებს 4-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით მიეწოდებოდა. 

შესაძლოა, დღესდღეობით ეს მონაცემები მაინცდამაინც შოკისმომგვრელი არ არის, თუმცა 1940-იან წლებში Power Wagon-ს შესანიშნავი რეპუტაცია ჰქონდა. გამწევ ძალასთან ერთად, ავტომობილს ჰქონდა ხისტი ღერძები, რესორული დაკიდება, მაღალი კლირენსი — შესაბამისად, ნებისმიერ რელიეფზე პიკაპი შესანიშნავად გადაადგილდებოდა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Power Wagon მალევე გახდა პოპულარული იმ ადამიანებში, რომლებსაც სჭირდებოდათ ავტომობილი, რომელიც ნებისმიერი წინაღობის გადასალახად იყო მზად. სატვირთოს წარმოება 1968 წლამდე გაგრძელდა და ამ პერიოდში 16 000 ერთეული აეწყო — შესაბამისად, 2025 წელს მას ქუჩებში თითქმის ვეღარ შეხვდებით. ბუნებრივია, ეს მის ფასსაც ზრდის — აუქციონებზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი Power Wagon 10-დან 30 000 დოლარამდე ღირს, საუკეთესო კონდიციაში კი, შესაძლოა, 100 000$-მდეც მიაღწიოს.