Renault-მა ამ ელექტრო პროტოტიპით საწვავის მოხმარების რეკორდი დაამყარა
Aa
Aa

Renault-მა ამ ელექტრო პროტოტიპით საწვავის მოხმარების რეკორდი დაამყარა

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა Renault-მა, თავის ახალი ელექტრო Filante Record 2025-ით, საწვავის მოხმარების მხრივ ახალი რეკორდი დაამყარა. თავადაც მიხვდებოდით, რომ ამ შემთხვევაში საუბარი სერიული წარმოების მოდელზე არ გვაქვს, ეს Renault-ის უახლესი პროტოტიპია, რომელმაც ერთი სრული დამუხტვით 1 008 კილომეტრი დაფარა.

რეკორდი 18 დეკემბერს, მაროკოში, UTAC-ის სატესტო ტრასაზე, თითქმის 10-საათიანი უწყვეტი მართვის შემდეგ დამყარდა — საშუალო სიჩქარით 102 კმ/სთ, საშუალო მოხმარებით 7.8 კვტ/სთ 100 კილომეტრზე.

მთავარი გამოწვევა რეალურ მართვის პირობებში, მაგისტრალის სიჩქარეზე, სერიული მოდელის ეკვივალენტური აკუმულატორის გამოყენებით, რეკორდულად ეფექტიანი მაჩვენებლის მიღწევა იყო. რეალურად, Filante 87 კვტ/სთ-ის აკუმულატორს იყენებს, რომელიც ელექტრო Renault Scenic E Tech-ში მოთავსებული აკუმულატორის სიმძლავრის იდენტურია.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ამჟამად არსებული საშუალო ელექტრომობილი მაგისტრალზე, 100 კილომეტრის მანძილზე, მაგისტრალზე 15-დან 20 კვტ/სთ-მდე მოიხმარს. Filante Record 2025 ამ მაჩვენებელს დაახლოებით ორჯერ ამცირებს და ამავდროულად, 100 კმ/სთ-ზე მაღალ სიჩქარესაც ინარჩუნებს.

თუმცა ამ მაჩვენებლის მისაღწევად, Renault-მა ეფექტიანობაზე მოქმედი ყველა ფაქტორი უკიდურესობამდე გააუმჯობესა — ფოკუსით, აეროდინამიკაზე. ამას დამატებული ულტრამსუბუქი მასალები და Michelin-ის საბურავები, რომლებიც სპეციალურად მაღალ სიჩქარეზე მინიმალური მოძრავი წინააღმდეგობის უზრუნველსაყოფადაა შექმნილი.

ტესტირებაში ჯამში სამი მძღოლი მონაწილეობდა, რომლებიც რამდენიმესაათიანი მორიგეობით საჭესთან ერთმანეთს ცვლიდნენ. 1 008 კილომეტრის 9 საათსა და 52 წუთში (რეალური მართვის დრო) გავლის შემდეგ, Filante-მ ფინიშის ხაზი გადაკვეთა. ამ დროს აკუმულატორი 11%-ზე იყო, რაც მას დამატებით დაახლოებით 120 კილომეტრის დაფარვის საშუალებას აძლევდა.

აღნიშნული რეკორდიც ერთგვარი შეხსენება იყო იმის, თუ რას უნდა ველოდოთ ფრანგული ბრენდისგან მომავალში. ახლა კი, Filante Record 2025 კვლავ მოძრავი ლაბორატორიის როლს შეითავსებს და მომავალი ელექტრომობილების განვითარებაში შეიტანს წვლილს.

 

მსგავსი სიახლეები