Audi, ელექტრომობილი, აუდი, Audi A2, Audi Q2 e-Tron
Aa
Aa

Audi A2-ის მემკვიდრეს გამოუშვებს, რომელიც სრულად ელექტრო იქნება

გახსოვთ Mercedes A Class-ის კონკურენტი Audi A2? ძალიან მსუბუქი, უცნაური ფორმის კომპაქტი? 1999-2005 წლებში აქტიური მოდელი 5 განსხვავებული ძრავით იყო ხელმისაწვდომი, რომელთა შორისაც რეკორდსმენი, 60 ცხ.ძ-იანი 1.2 TDI-ც იყო, რომელიც 100 კილომეტრზე, საშუალოდ, 2.99 ლიტრ საწვავს მოიხმარდა. 

წარმოების 6 წლის განმავლობაში, გერმანულმა კომპანიამ 176377 ერთეული გამოუშვა და გაყიდვებიც მოლოდინის შესაბამისი არასდროს ყოფილა, თუმცა A2-მა თანამედროვე კლასიკის სტატუსი მაინც მოიპოვა ინოვაციურობით, რომელიც ამ მოდელს ნამდვილად გამოარჩევდა. 

წარმოების შეწყვეტიდან 20 წლის შემდეგ, Audi A2-ის სულის Q2 e-Tron-ში შთაბერვას გვპირდება. ბენზინზე მომუშავე Q2-ის მემკვიდრე Volkswagen Group-ის ახალი თაობის მცირე ზომის EV-ების სხვადასხვა მახასიათებელს გაიზიარებს და e-Tron-ის სერიის ახალი წევრი გახდება.

ექსტერიერი, რომლის ირგვლივ არსებული მოლოდინებიც პაპარაცების მიერ გადაღებულ „შეფუთულ“ ფოტოებს ეყრდნობა, სავარაუდოდ, A2-ს მოგვაგონებს, თუმცა საქარე მინა და სახურავის ზოლი აშკარად უფრო დარილია, ფორმებიც უფრო მომრგვალებული, თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად. რაც შეეხება ინტერიერს, მოსალოდნელია, რომ ის Q3-სა და Q5-ში გამოყენებულ დიზაინებს დაეყრდნობა — მაღალი გარჩევადობის ინსტრუმენტების პანელი, რომელიც აუდის MMI მულტიმედიის სისტემას შეუწყვილდება. მაღალი ალბათობით, ხელმისაწვდომი იქნება AI-ზე დაფუძნებული ხმოვანი ასისტენტიც. ასევე, წინასწარ ვიცით ისიც, რომ ავტომობილი მე-2 დონის ავტონომიურობის სტანდარტებს აკმაყოფილებს. 

Q2 e-Tron Volkswagen-ის MEB+ არქიტექტურას დაეყრდნობა. ეს განახლებული პლატფორმა უკეთეს ენერგოეფექტიანობასა და ბევრად სწრაფ დამუხტვას უზრუნველყოფს წინა მოდელებთან შედარებით. ინსაიდერების ცნობით, განიხილება ორი ვერსია — წინა ამძრავი, 201 ცხენისძალიანი მოდელი, რომელიც ერთი დამუხტვით 402 კილომეტრს გაივლის და უფრო მძლავრი, 268 ცხ.ძ-იანი ვერსია, რომელსაც 560 კმ-ის გავლა შეეძლება, სანამ თავიდან გახდება დასამუხტი.  

დროთა განმავლობაში, ცხადია, Quattro ვერსიებიც გამოჩნდება ორ-ორი ძრავით, რომლებიც უფრო ცივ რეგიონებში მცხოვრები მძღოლებისთვის იქნება განკუთვნილი — მათთვის, ვისაც უკეთესი მოჭიდება და პერფორმანსი სჭირდება.

Q2 e-Tron Volvo EX30-ის, BMW iX1-ის, Smart #1-ის, Alfa Romeo Junior-ისა და Mini Aceman-ის კონკურენტად განიხილება. თუ დაინტერესდით, დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ წარმოებას 2027 წლის მე-2 ნახევრამდე არ უნდა ელოდოთ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები