BMW iX3-თან დაკავშირებულ გეგმებს ცვლის — მიზეზი ძალიან მაღალი მოთხოვნაა
სულ რაღაც ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც BMW-მ მე-2 თაობის iX3 წარადგინა — მას შემდეგ, ბავარიული ავტომწარმოებელი ელექტრომობილზე შეკვეთებს ვეღარ აუდის. წარმოების მაქსიმიზაციისთვის, დებრეცენის ქარხანაში, სადაც მოდელს აწყობენ, მეორე ცვლა დაამატეს.
BMW-ს თავმჯდომარემ, ოლივერ ციპსემ განაცხადა, რომ iX3-ის შეკვეთების განრიგი ამ წამს სრულად სავსეა — ბრენდმა 50 000-ზე მეტი შეკვეთა მიიღო, რაც BMW-ს ახალი თაობის ელექტრომობილისთვის ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია. სრული სიმძლავრით მუშაობის შედეგად, დებრეცენის ქარხანა წელიწადში 150 000 ავტომობილის წარმოებას შეძლებს. 

მოთხოვნა მოდელზე კიდევ უფრო წარმატებულად მოგეჩვენებათ, თუ გეტყვით, რომ ამ მომენტში ბავარიელებმა iX3-ის მხოლოდ ერთი ვერსია გამოუშვეს — iX3 50 xDrive — 108 კვტ.სთ-იანი ბატარეებითა და ორი ელექტროძრავით აღჭურვილი ელექტრომობილი, რომელიც 463 ცხ.ძ-სა და 645 ნიუტონს გამოიმუშავებს. ერთი დამუხტვით მანქანა 805 კილომეტრს გადის, რაც ამ კლასში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ცხადია, იგეგმება მოდელის ხაზის გაფართოებაც — დიდი ალბათობით, მომავალ რამდენიმე წელიწადში ახალი iX3 თავისივე ხაზის შუაში მოექცევა. მისი შედარებით ბიუჯეტური ვერსიები iX3 40 და iX3 50 xDrive იქნებიან, რომელთაც უფრო მცირე ზომის ბატარეები ექნებათ. 
უფრო ძვირადღირებული და მძლავრი კი M60 მოდელი იქნება, რომელსაც, არსებული ცნობებით, 600 ცხ.ძ-ზე მაღალი სიმძლავრის გამომუშავება შეეძლება. BMW Blog-ზე ვკითხულობთ, რომ ამ მოდელს 2027 წლის ბოლოს სრულად M ვარიანტიც შეუერთდება, რომლის პერფორმანსიც 800 ცხ.ძ-ს გადააჭარბებს.
გეოგრაფიულად გაფართოვდება iX3-ის წარმოებაც. BMW მას ჩინეთსა და მექსიკაშიც ააწყობს, რაც კომპანიას გლობალური მოთხოვნის დაკმაყოფილებაში დაეხმარება.