საქართველო, ავტოიმპორტი, განბაჟება, განბაჟების საფასური
Aa
Aa

საქართველოში 6 წლამდე ასაკის ავტომობილების განბაჟების საფასურიც ძვირდება

ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ავტომობილების განბაჟების გაძვირებას სექტორზე მკვეთრი ნეგატიური გავლენა ექნება. როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ, ალექსი ნონიაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაძვირებული ავტომობილების ყიდვას ვერ შეძლებს, რაც დარგში დასაქმებას შეამცირებს. ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ დილერების მინიმუმ 50-60% უმუშევარი დარჩება.

“თავდაპირველი რეგულაციით, საერთოდ 6 წლამდე ავტომობილის რეგისტრაციას კრძალავდნენ. შემდეგ თითქოს რაღაც გარკვეულ დათმობაზე წამოვიდნენ, აკრძალვა ახლა არ არის, მაგრამ იმდენად იზრდება აქციზის გადასახადი, რომ ფაქტობრივად, ჩვენი მოსახლეობის 90%-ს ამის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.

მაგალითად, 2016-2017 წლის მანქანას, თუკი ადგილზე ყიდულობდნენ 3 000 დოლარად, ფაქტობრივად დამატებით იგივე თანხა განბაჟებისთვის უნდა გადაიხადოს. რომ დავაჯამოთ, გამოდის რომ თითქმის 2022-2023 წლის ავტომობილის ფასი გამოდის. თუ ასეთი მსყიდველუნარიანი მოსახლეობა გვყავს, რატომ უნდა ვიყიდოთ 2016 წლიანი ავტომობილი, ვიყიდოთ 2023 წლიანი, მაგრამ ამის ფუფუნება არ გვაქვს.

კომპანიების 30-40% მუშაობას შეწყვეტს, დილერების მინიმუმ 50-60% უმუშევარი დარჩება. ჩვენი გათვლებით, ამ სექტორის ბრუნვა დაახლოებით 2.6 მილიარდი დოლარით შემცირდება, რაც ეკონომიკაზე ასევე უარყოფითად იმოქმედებს. ეს არის ჩვენი ეკონომიკის სადღაც 3%”, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის მნიშვნელოვან ზრდას ითვალისწინებს. ძვირდება 6 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილების განბაჟებაც.

ცნობისთვის, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების საფუძველზე იზრდება 6 წლამდე ავტომობილების განბაჟების საფასური. კერძოდ, აქციზის განაკვეთები შემდეგნაირად გადანაწილდება: 

  • 1 წლამდე ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი;
  • 1 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი;
  • 2 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი;
  • 3 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.4 ლარი; იქნება 1.5 ლარი;
  • 4 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.2 ლარი; იქნება 1.5 ლარი;
  • 5 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 ლარი; იქნება 1.5 ლარი;
  • 6 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 1.5 ლარი;

6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილებისთვის კი გადასახადი ძრავის მოცულობის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარი იქნება. შესაბამისად, თუკი ამჟამად 6 წლის 2.5 ლიტრის ძრავის მქონე ავტომობილის განბაჟების აქციზის გადასახადი შეადგენს 2 ათას ლარს, ის 3.75 ათასი ლარი გახდება. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, 6 წლამდე ჰიბრიდული ავტომობილებისთვის ძალაში იქნება 60%-ით შემცირებული აქციზის განაკვეთი.

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ უნდა იყიდოთ 90-იანების მანქანა დღესვე?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები