ელექტრომობილები, ალფა რომეო, ტუნინგი, ტოტემ აუტომობილი
Aa
Aa

კლასიკურ Alfa Romeo-ზე დაფუძნებული ელექტრომობილი 100კმ/სთ-ს 2.9 წამში ავითარებს

იტალიურმა ბრენდმა Totem Automobili-მ კლასიკურ Alfa Romeo-ზე დაფუძნებული მოდელი გამოუშვა — ეს არც ისე იშვიათი შემთხვევაა, თუმცა ამ კონკრეტულ ეგზემპლარს სხვებისგან ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოარჩევს — 2.8-ლიტრიანი, ორტურბინიანი V6-ის ნაცვლად, რომელიც 739 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებდა, ახლა ალფა ელექტრომობილია...

Totem-ი ამ ავტომობილს GT Electric Zeal 01-ს უწოდებს და აცხადებს, რომ ის კალიფორნიელმა კლიენტმა შეუკვეთა. ვიზუალურად, მანქანა ისევე შესანიშნავად გამოიყურება, როგორც შიგაწვისძრავიანი GT Super მოდელები, რომელთაც კომპანია ასევე აწყობს. Alfa Romeo-ს თუ წარსულით შთაგონებული მოდელის შექმნა მოუნდება, შეუძლია ინსპირაციისთვის Totem Automobili-ს მიმართოს.


ექსტერიერი უნიკალური Accuro Pervinca-სა ოქროსფრის კომბინაციაა და მოიცავს მაშუქების ჩარჩოებს, სამკუთხა Scudetto ცხაურას, უკანა ხედვის გვერდითა სარკეებს, მინის საწმენდებსა და ფანჯრების ჩარჩოებს. ამ ყველაფერს კი ულამაზესი დისკები აგვირგვინებს. 

თქვენ წარმოიდგინეთ, სალონი ექსტერიერზე უკეთ გამოიყურება. Totem-მა მანქანისთვის ხელსაწყოთა დაფა სპეც-შეკვეთით დაამზადა და ის ოქროსფერი დეტალებით გააფორმა. კომპანია იგივენაირად მოიქცა სამქიმიანი საჭის შემთხვევაშიც, რომელზეც ლურჯი ტყავია გადაკრული. საჭის სვეტი, ისევე როგორც ხელსაწყოთა დაფის ნაწილი და კარის პანელები ნახშირბადის ბოჭკოსგანაა დამზადებული.

ინტერიერის დანარჩენი ნაწილი ლურჯი და კრემისფერი Nappa ტყავის კომბინაციაა — სწორედ ამ ტყავითაა შეფუთული კარები, სავარძლები, ტრანსმისიის გვირაბი და ა.შ. 

შეიძლება იფიქროთ, რომ შემკვეთი არასწორად მოიქცა, რადგან ორტურბინიანი V6-ით ვერ ისიამოვნებს, თუმცა სიმძლავრეს არც ელექტრომობილი უჩივის. მის უკანა ხიდზე 590-ცხენისძალიანი ელექტროძრავაა განთავსებული, რომელიც GT Electric Zeal 01-ს 100კმ/სთ-მდე 2.9 წამში აჩქარებს. ასევე, ერთი დამუხტვით, ელექტრომობილს 482 კილომეტრის გავლა შეუძლია. ბოლოს კი, Brembo-ს მუხრუჭები და ელექტრონულად კონტროლირებადი საკიდარი უზრუნველყოფენ, რომ ავტომობილი სასიამოვნოდ და მარტივად იმართებოდეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები