Ram-ი ყველგანმავლების ხაზს აფართოებს | BackCountry-ს პაკეტი უკვე ხელმისაწვდომია
ამერიკული Ram-ი ყველგანმავალი (ოფ-როუდ) ავტომობილების ხაზის გაფართოებას ახალი პაკეტით, 1500 BackCountry-ით შეეცდება. თქვენ წინაშე გამძლე, საშუალო დონის პიკაპის ახალი ვერსიაა, რომელიც არსებულ ხაზში Rebel-სა და Warlock-ს შორის დაიკავებს ადგილს.
Ram 1500 Big Horn 4×4 Crew Cab-ზე დაფუძნებული BackCountry უგზოობასთან გასამკლავებლადაა შექმნილი. რთულ გზებთან უკეთ გამკლავების მიზნით, ის 1 ინჩით უფრო მაღალია. ძარის ქვეშა ფირფიტები უზრუნველყოფს ძრავისა და ქვედა ნაწილის დაცვას ქვებისგან თუ სხვა დაბრკოლებებისგან, ხოლო ელექტრონული უკანა დიფერენციალი — უკეთეს მოჭიდებას ტალახში, ქვიშასა თუ თოვლში.

ზემოთ ჩამოთვლილს ძლიერი ამორტიზატორები, წინა საბუქსირე კაუჭები და 18-დიუმიანი Satin Black დისკები ემატება, რომლებიც 32-დიუმიანი ოფ-როუდ საბურავებითაა შემოსაზღვრული. Ram-ის ახალ მოდელს Selec-Speed სისტემაც აქვს, რომელიც ოფ-როუდ კრუიზ-კონტროლივით მუშაობს და ავტომატურად აკონტროლებს სიჩქარეს რთულ რელიეფზე, რათა მძღოლმა მაქსიმალური ყურადღება გზაზე გადაიტანოს.
ყველგანმავალი ავტომობილებისთვის დამახასიათებელი დეტალების გარდა, BackCountry დიზაინითაც გამოირჩევა; მათ შორის — რადიატორის ცხაურის ჩარჩოთი, რომელსაც შავი ფენდერები და ბამპერები ემატება. მუქი სტილი გრძელდება სხვა დეტალებშიც, მაგალითად, Satin Black ემბლემებსა და ფარების ჩარჩოებში.
ინტერიერში ცვლილებები შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება, თუმცა უნდა გამოვარჩიოთ შავი ვინილის სავარძლები, ასევე MOLLE-ს ტიპის პანელური შესანახი სისტემა სავარძლების ზურგებზე, რაც დამატებით პრაქტიკულობას უზრუნველყოფს. სხვა მნიშვნელოვანი დეტალებია ყველა სეზონისთვის განკუთვნილი იატაკის ხალიჩები და BackCountry-ის ემბლემა მგზავრის მხარეს დაფაზე. ასევე თვალში საცემია ვერცხლისფერი ან თეთრი ჩანართები, რომლებიც ინტერიერს უფრო დახვეწილ იერს სძენს.
ასევე დაგაინტერესებთ: ისტორიაში საუკეთესო ყველგანმავალი ავტომობილები
BackCountry პაკეტის ღირებულება $2,995-ია. მისი დამატება შესაძლებელია 1500 Big Horn-ის იმ ვერსიებზე, რომლებიც აღჭურვილია Level 1 ან Level 2 პაკეტებით და 5.7-ლიტრიანი Hemi V8-ით ან 3.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო ექვსცილინდრიანი ძრავით. პირველი მათგანი (V8) 395 ცხენის ძალასა და 555 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს, ხოლო მეორე — 420 ცხენის ძალასა და 623 ნმ-ს.
სწორედ ამ აუცილებელი დანამატების (ბაზისური მოდელი + Level 1/2 პაკეტი + ძრავა + BackCountry პაკეტი) ჯამური ღირებულება შეადგენს $62 410-ს, რაც ტრანსპორტირების ხარჯებსაც მოიცავს.