აუქციონი, პორშე 911, პორშე, პორშე 911 სპორტ კლასიკი
Aa
Aa

Porsche 911 Sport Classic-ის ღირებულებამ ნახევარ მილიონ დოლარს გადააჭარბა

კოლექციონერები, როგორც წესი, Porsche-ს ატმოსფერული 4-ლიტრიანი, ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავებით არიან შეპყრობილნი, რომლებიც 911 GT3-ში, GT3 RS-სა და შეზღუდული რაოდენობით გამოშვებულ S/T-ში გვინახავს. მსგავსი ძრავები დროის გასვლასთან ერთად უფრო დიდი იშვიათობა ხდება, შესაბამისად, ამ აგრეგატებით აღჭურვილი ავტომობილების ღირებულება შოურუმების დატოვებისთანავე იწყებს ზრდას.

თუმცა ეს 2023 წლის Porsche 911 Sport Classic-ი იმის ნათელი მაგალითია, რომ 911-ის ძვირადღირებულ საკოლექციო ნივთად ქცევისთვის ეს ცნობილი ძრავა სულაც არ არის საჭირო. 911 Sport Classic-ის წარდგენიდან თითქმის ოთხი წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს Sport Classic-ი სტილით GT3-ზე დაფუძნებულ S/T-ს წააგავს, იმავეს თქმა კაპოტქვეშ გაგვიჭირდება. ეს მოდელი 911 Turbo-ს 3.7-ლიტრიან ტვინ-ტურბო 6-ცილინდრიან ოპოზიტურ ძრავას იყენებს, რომელიც 543 ცხენის ძალასა და 600 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს.

წესით, ეს ძრავა Sport Classic-ის მთავარი ღირსშესანიშნაობა არ უნდა იყოს, რასაც ვერ ვიტყვით ამ ავტომობილის ტრანსმისიის განლაგებაზე. ეს უკანასკნელი 6-ცილინდრიანიდან წამოსულ სიმძლავრეს სრულად უკანა ბორბლებს გადასცემს, განსხვავებით 911 Turbo-ს სრულძრავიანი სისტემისგან. უნდა ითქვას ისიც, რომ Sport Classic ექსკლუზიურად 7-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით გამოდიოდა. ამას დაამატეთ ის ფაქტი, რომ მოდელი სულ 1 250 ეგზემპლარად შეიქმნა და მისი მაღალი ღირებულებაც აღარ გაგაკვირვებთ.

ასევე დაგაინტერესებთ: 8 ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილი ისტორიაში 

ეს კონკრეტული Porsche კი, წარმოუდგენლად დაბალი, 6 400 კილომეტრის გარბენით, Bring a Trailer-ის აუქციონზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და მალევე კოლექციონერებს შორის ვაჭრობის ქარცეცხლში მოექცა. აუქციონის დასრულებისთვის მოდელის ღირებულება $511 000-მდე გაიზარდა, რაც წარმოუდგენელი მატებაა 911-ის რეკომენდებული საცალო ფასის გათვალისწინებით, რომელიც $283 240-ს შეადგენდა.

რა თქმა უნდა, Sport Classic საინტერესო მხოლოდ თავისი ძრავით არაა: Porsche-მ ამ მოდელის დიზაინზეც მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია და დახვეწილი სტილის ავტომობილი წარმოგვიდგინა. ყურადსაღები დეტალია 911 Carrera RS 2.7-ის სტილის უკანა სპოილერი („იხვის კუდი“), Fuchs-ის სტილის დისკები და ოქროსფერი ემბლემები. კორპუსისთვის კი Sport Grey Metallic-ის უკვდავი ფერია შერჩეული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები