კლასიკური ავტომობილები, საკანონმდებლო ცვლილება
Aa
Aa

რეტრო ავტომობილების სტატუსის ზღვარი 40-დან 30 წლამდე დაიწევს

"რეტრო ავტომობილების ბაჟთან მიმართებაში, ზღვარი 40-დან 30 წლამდე დაიწევს", — ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ოთხშაბათს განვიხილავთ სხვადასხვა კანონპროექტს და იმ პაკეტებს, რომლებიც დაიინიცირდა. ასევე, გავიარეთ და ვიმსჯელეთ სხვადასხვა კანონპროექტის, ინიციატივის ირგვლივ. მათ შორის, პირველი - რაც საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, როდესაც გაუქმდა აკრძალვა ექვს წელზე ზემოთ ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და შეიცვალა საკითხით, რომელიც დაარეგულირებს და უბრალოდ გაიზრდება ბაჟის გადასახადი, ასე რომ, არანაირი აკრძალვა აღარ იმოქმედებს. საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს ექვსი წლის ზემოთ ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის კი ბაჟის გადასახადი რჩება, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს.

ასევე, შეიცვლება წლები. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ავტომოყვარულების სფეროში. რაც შეეხება რეტრო მანქანებს, აქაც 40-იდან 30 წლამდე დაიწევს ზღვარი საკანონმდებლო კუთხით, მათ ბაჟთან მიმართებაში“ — განაცხადა მან.

ამავდროულად BM.Ge-ის ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების საფუძველზე გაიზრდება 6 წლამდე ავტომობილების განბაჟების საფასურიც. კერძოდ, აქციზის განაკვეთები შემდეგნაირად გადანაწილდება: 

  • 1 წლამდე ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი;
  • 1 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი;
  • 2 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი;
  • 3 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.4 ლარი; იქნება 1.5 ლარი;
  • 4 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.2 ლარი; იქნება 1.5 ლარი;
  • 5 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 ლარი; იქნება 1.5 ლარი;
  • 6 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 1.5 ლარი;

6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილებისთვის კი გადასახადი ძრავის მოცულობის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარი იქნება. შესაბამისად, თუკი ამჟამად 6 წლის 2.5 ლიტრის ძრავის მქონე ავტომობილის განბაჟების აქციზის გადასახადი შეადგენს 2 ათას ლარს, ის 3.75 ათასი ლარი გახდება. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, 6 წლამდე ჰიბრიდული ავტომობილებისთვის ძალაში იქნება 60%-ით შემცირებული აქციზის განაკვეთი.

 

 წყარო: BM.ge

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები