SUV-ების რეკორდული პოპულარობის მიუხედავად, ევროპის წლის ყველაზე გაყიდვადი მანქანა Dacia Sandero გახდა
ევროპის გზებსა და საავტომობილო ბაზარზე მცირე ზომის ავტომობილები დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდნენ, თუმცა უკანასკნელ 5 წელიწადში გზებზე SUV-ების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ მომენტისათვის, ევროპაში გაყიდული ახალი ავტომობილების ნახევარზე მეტი სწორედ სპორტული უნივერსალია — ამ ტენდენციას ისეთ პოპულარულ ქროსოვერებს უნდა ვუმადლოდეთ, როგორებიც, მაგალითად Volkswagen T-Roc და Toyota Yaris Cross არიან.
პირველ რიგში, შეიცვალა მიდგომები — თუ ადრე ევროპელები ამერიკელებს SUV-ებითა და პიკაპებით შეპყრობილებს ეძახდნენ, ახლა ასე აღარ არის. SUV აღარ განიხილება, როგორც ავტომობილის რთულად შესანახი ტიპი, რომელიც უამრავ საწვავს მოიხმარს, პირიქით — ის ახლა პრაქტიკულ, საქალაქო მიდგომასთან ასოცირდება.

მთავარი ავტომწარმოებლები: Volkswagen, Renault, Ford და Toyota აღნიშნულ ტრენდს მოერგნენ და სეგმენტიც მის შესაბამისად შეცვალეს — ახალი ტიპის SUV ზომაში უფრო მცირეა, თუმცა კლასიკურ სედანებსა და ჰეჩბექებზე „დაკუნთულად“ მაინც გამოიყურება და შესანიშნავად ერგება იმ ურბანულ სივრცეებს, რომლებიც ადრე პატარა ავტომობილებს ეჭირათ.
Autonews-ის ცნობით, 2020 წლიდან მოყოლებული, SUV-ების წილი ევროპულ ბაზარზე 41-დან 59%-მდე გაიზარდა. თავისთავად, ამ ტენდენციის პარალელურად, იკლებს ჰეჩბექებისა და მცირე ზომის სედანების წილი. თუ ევროპულ ბაზარზე გაყიდული ავტომობილების 35% 2020 წელს ჰეჩბექი იყო, ახლა ეს რიცხვი 23.9%-მდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, მაინც რჩება რამდენიმე მოდელი, რომელიც პოპულარობას არ კარგავს — Renault Clio, VW Golf და Dacia Sandero, რომელიც 2025 წელს რეგიონის საუკეთესოდ გაყიდვადი ახალი ავტომობილი გახდა.
Sandero-ს გაყიდვების წარმატებაში მთავარი წვლილი მის ხელმისაწვდომობას მიუძღვის. გერმანიაში ავტომობილი 13 000 ევროზე იაფია და თუ 2020 წელს 168 443 ერთეული იყიდებოდა, 2025 წელს ამ რიცხვმა 225 000-ს მიაღწია და Sandero-ც წლის ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდა.
მნიშვნელოვნად დაიკლო ბაზარზე სედანის წილმაც და 2025 წელს 3.5% შეადგინა. საუკეთესოდ გაყიდვადი სედანი ევროპაში Tesla Model 3 იყო, თუმცა რიცხვი მაინც მოკრძალებულია — 76 000. ერთადერთი ქვეყანა რომელშიც სედანებმა ორნიშნა რიცხვი შეინარჩუნეს, რუმინეთია, სადაც ბაზრის 15.4%-ს კვლავ ეს სეგმენტი აკონტროლებს.
SUV-ებს შორის კი ყველაზე გაყიდვადი უკვე ხსენებული VW T-Roc გახდა — მასზე 192 245-მა მძღოლმა შეაჩერა. ახლო მეორე ადგილი დაიმსახურა VW Tiguan-მა (180 684 გაყიდული ერთეული), მესამე ადგილზე კი Toyota Yaris Cross გავიდა (174 567 ერთეული).