აუქციონი, რალი, WRC, სუბარუ, კოლინ მაკრეი, Subaru Impreza
Aa
Aa

კოლინ მაკრეის ლეგენდარული Subaru Impreza აუქციონზე გაიყიდება

საავტომობილო აუქციონზე ავტოსპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილი გამოჩნდა — (მდიდარ) მსურველებს ლეგენდარული კოლინ მაკრეის ლეგენდარული 1995 წლის სეზონის ლეგენდარული Subaru Impreza-სთვის ბრძოლა შეეძლებათ. რალის ისტორიის ამ შესანიშნავი ექსპონატით შეშლილმა შოტლანდიელმა მონტე კარლოსა და კორსიკაში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა და იმ სეზონში კარლოს საინსს, ფაქტობრივად, მოპოვებული ჩემპიონობა ცხვირწინ ააცალა. 

ამ ავტომობილის პოტენციალი მაკრეიმ მონტე კარლოს რალიზე თოვლის, ყინულისა და ასფალტის ზედაპირებზეც კი ბოლომდე გამოწურა და შესანიშნავი პედესტალი შეიქმნა სეზონის მეორე ნახევარში საბრძოლველად, როცა ჩემპიონობისთვის მაკრეის თანაგუნდელის გარდა, Toyota Selica-ს პილოტებიც იბრძოდნენ. მაკრეისა და საინსს შორის კონფლიქტმა პიკს კატალონიაში მიაღწია, სადაც შოტლანდიელს სუბარუს გუნდმა პირველი ადგილი ესპანელისთვის დაათმობინა — ამან მაკრეის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან თვლიდა, რომ კატალონიის რალის მოგება თავისუფლად შეეძლო. 

მიუხედავად ამისა, როცა სეზონის ბოლოს ცნობილი სკანდალის გამო ჩემპიონატიდან ტოიოტას გუნდი მოხსნეს, შანსები მაკრეიმ გამოიყენა და ბოლო სერიაში გამარჯვებით ჩემპიონის ტიტულს პირველად და უკანასკნელად დაეუფლა. სხვათა შორის, Toyota Selica-ს სკანდალს ჩვენ ვიდეოც მივუძღვენით, რომლის ნახვაც CrystalAuto-ს იუთუბ არხზე შეგიძლიათ. 

რაც შეეხება აუქციონზე გამოტანილი ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებს, შენარჩუნებულია 2.0-ლიტრიანი ტურბოჩაბერვის მქონე ძრავა და დაკიდებაც, რომელიც მონტე კარლოს რალიზე გამოიყენეს. რესტავრატორებმა გარეგანი მცირე დაზიანებები ავტომობილს შეუნარჩუნეს, რათა მისი „სულიც“ შენარჩუნებულიყო და „ნაომარი“ Impreza ქარხნიდან ახლახან გამოგორებულს არ დამსგავსებოდა. 

კოლინ მაკრეი, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის — ის ავიაკატასტროფას ემსხვერპლა, თუმცა A ჯგუფის რალის ისტორიის ამ ლეგენდის შეძენა მსურველს, სულ მცირე 1 000 000 ევროდ შეეძლება. 

მსგავსი სიახლეები