ტოიოტა Gazoo Racing-ს დამოუკიდებელ ბრენდად აყალიბებს | GR GT-ს ტოიოტას ლოგო არ ექნება
Toyota-ს პერფორმანსზე ორიენტირებული განყოფილება კომპანიის ჩრდილიდან გამოვა და ცალკე ბრენდად ჩამოყალიბდება. Toyota Gazoo Racing ამიერიდან მხოლოდ Gazoo Racing, ან უბრალოდ GR იქნება — იაპონური ავტომწარმოებლისგან ამ ნაბიჯის გადადგმას საავტომობილო სამყარო მას შემდეგ ელოდა, რაც GR GT სუპერქარის წარმატებული დებიუტი ვიხილეთ.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ GR ტოიოტას კონკურენტად იქცევა, ის რჩება იაპონური გიგანტის ქოლგის ქვეშ და მის იერარქიაში ადგილს Daihatsu-ზე მაღლა, თუმცა Lexus-სა და Century-ზე დაბლა დაიკავებს.
ახალი იდენტობა, ნაცნობი მისია
Toyota-ს განცხადებით, რებრენდინგი „ფესვებთან დაბრუნების“ პროცესის ნაწილია — კომპანიას სურს, დააბრუნოს დრო, როცა ავტოსპორტისა და ყოველდღიური გადაადგილებისთვის განკუთვნილი ავტომობილები ერთმანეთთან ახლოს იყო და პარალელურად იქმნებოდა. კომპანიისათვის ეს ნაბიჯი არის გზა, რომ მისცეს თავისუფალი მოქმედების საშუალება ნიჭიერ ინჟინრებს და ააჩქაროს საავტომობილო ტექნოლოგიების გადმოდინება სარბოლო ტრასიდან სამოქალაქო ტრასაზე...

პირველი მოდელი, რომელიც Toyota-ს ჩრდილიდან გამოვა და მხოლოდ GR-ის ლოგოს ატარებს, GR GT იქნება. ცნობილია, რომ Gazoo სუპერქარის სარბოლო ვერსიაზეც მუშაობს, რომელიც GT3 სარბოლო სერიებში მიიღებს მონაწილეობას.
სავარაუდოდ, განახლებული ბრენდინგით ვიხილავთ სპორტული ჰეჩბექების, GR Yaris-ისა და GR Corolla-ს მომდევნო ვერსიებსაც, ისევე როგორც GR86-ისა და GR Supra-ს „მემკვიდრე“ მოდელებს.
ახალი მოდელები ჰორიზონტზე
ჩამოთვლილ ავტომობილებთან ერთად, Toyota-მ ოფიციალურად დაადასტურა ისიც, რომ მომავალში ყველასათვის საყვარელი სახელის დაბრუნებას ვიხილავთ — ეს GR Celica იქნება, ლეგენდარული მოდელი, რომელიც უკვე 20 წელია აღარ გამოდის. ასევე, იაპონური ავტომწარმოებლის თავმჯდომარემ, აკიო ტოიოდამ, თანამშრომლებთან საუბარში დაადასტურა, რომ ბრენდი შუაძრავიან მოდელზე მუშაობს — ავტომოყვარულების ვარაუდით, ეს ახალი GR MR2 იქნება.
ასევე იხილეთ: აკიო ტოიოდამ შუაძრავიანი მოდელის გამოშვება დააანონსა | Toyota-ს სიურპრიზი
ჩამოთვლილ მოდელებზე, Toyota-ს განცხადებით, ახალ ლოგოებს 2027 წლის იანვრიდან ვიხილავთ.