2025 წელი აშშ-ში გაყიდვებით BMW-სთვის რეკორდული იყო
BMW-ს ამერიკულ ბაზარზე საქმე სხვა ევროპულ ავტომწარმოებლებზე უკეთ მისდის — 2025 წელი კომპანიისათვის სარეკორდო იყო. მიუხედავად ამ წარმატებისა, თვალს ვერ დავხუჭავთ პრობლემაზე, რომელიც ელექტრომობილების სეგმენტში წარმოიშვა — აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგადასახადო ცვლილებების გამო ამ სექტორში მოთხოვნა თანდათან იკლებს.
რაც შეეხება რიცხვებს, 2025 წელს BMW 388 897-მა ამერიკელმა მძღოლმა შეიძინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 4.7%-ით მეტია. ზრდა დააფიქსირა BMW-ს შვილობილმა Mini-მაც, რომელმაც 2024 წელზე 9.3%-ით მეტი, 28 749 მანქანა გაყიდა. 
რაც შეეხება ელექტრომობილების სექტორში არსებულ პრობლემას: 2025 წელს BMW-ის ელექტრომობილებზე არჩევანი 42 484-მა ამერიკელმა შეაჩერა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით საგანგაშო, 16.7%-იანი ვარდნაა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც მე-4 კვარტალში 7500$-იანი საგადასახადო შეღავათი გაუქმდა — 2025 წლის ბოლო სამ თვეში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები 45.5%-ით შემცირდა.
ვარდნა შეეხო გერმანული ავტომწარმოებლის ელექტრომობილების ფართო ხაზის თითოეულ მოდელს. ყველაზე გაყიდვადი წელსაც i4 იყო, თუმცა მისი გაყიდვებიც 14.1%-ით შემცირდა, ყველაზე მეტად კი i5-მა იზარალა, რომელიც 2024 წლის მაჩვენებელს 21.5%-ით ჩამორჩა. 
მიუხედავად ამისა, კომპანიას შეუძლია თავი დაიიმედოს იმით, რომ საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა მის დამუხტვად ჰიბრიდებზე — თუ 2024 წელს BMW-მ აშშ-ში 19398 ფლაგ-ინი გაყიდა, 2025 წელს ამ რიცხვმა 25351-ს მიაღწია, რაც 30.7%-იანი ზრდაა.
წლის ყველაზე წარმატებული მოდელი, 2024 წლის მსგავსად, X3 გახდა — მისი გაყიდვები 11.3%-ით გაიზარდა და 76 546 ერთეულს მიაღწია — აღსანიშნავია, რომ მას სულ 400-მდე ერთეულით ჩამორჩა BMW X5. 
ერთი სიტყვით, თუ ელექტრომობილების პრობლემაზე თვალებს დავხუჭავთ, BMW იქ არის, სადაც, ბევრის აზრით, მისი ადგილია — სტატისტიკების სათავეში.