Ford მუშაობს მოდელზე, რომელიც ბიუჯეტურობით კონკურენციას ჩინურ ელექტრომობილებს გაუწევს
Ford მუშაობს პროექტზე, რომლის შედეგიც, კომპანიის მტკიცებით, მსოფლიოში ყველაზე იაფი ელექტროძრავა იქნება, რომლითაც 2027 წელს ამერიკული ავტომწარმოებლის მომდევნო თაობის ელექტრო პიკაპი აღიჭურვება. დაგ ფილდმა, Ford-ის EV მიმართულების ხელმძღვანელმა MotorTrend-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ Ford-ის მიერ აწყობილი ელექტროძრავების ფასი მსოფლიოში ყველაზე ნაკლები იქნება, მათ შორის ჩინური ავტომწარმოებლების ძრავებზეც კი, სადაც იაფი მუშახელი და ავტომატიზებული წარმოება დასავლურ კომპანიებთან შედარებით, ფასში დიდ უპირატესობას იძლევა.

წარსულში Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ, განაცხადა, რომ ელექტრო პიკაპი მხოლოდ უკანა ამძრავი იქნებოდა. დაგ ფილდმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ხელმისაწვდომი იქნება როგორც მხოლოდ უკანა ამძრავი, ისე ორძრავიანი, სრულად ამძრავი ელექტრო პიკაპები. უკანა ამძრავი მოდელები გამოიყენებენ მუდმივი მაგნიტის ძრავებს, ხოლო ორძრავიან პიკაპებში წინა ხიდზე დამატებული იქნება ასინქრონული ძრავა, როგორც ეს Tesla Model 3-შია, რომელიც ასევე დაგ ფილდის ზედამხედველობით შეიქმნა.
დაბალი ფასის გასაღები, ფორდის შემთხვევაში, ფილდის თქმით, არ იქნება ახალი მასალები ან ტექნოლოგიური გარღვევა, არამედ ინჟინრების შესანიშნავი ჯგუფი, რომელიც კომპანიამ დაიქირავა. Universal EV პროგრამაზე, დაახლოებით, 500-მდე თანამშრომელი მუშაობს, რომელთა ნაწილიც Ford-მა Tesla-ს, Rivian-ს, Apple-სა და სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებს „მოჰპარა“.

პროექტის ფარგლებში, Ford რადიკალურად ცვლის ავტომობილის წარმოების მიმართ არსებულ მიდგომებს და უბრუნდება საწყისებს, როცა ამერიკული ავტომწარმოებელი კონკურენტებს სწორედ მიწოდების ჯაჭვების გამართულობითა და საწარმოო შესაძლებლობებით აღემატებოდა. კომპანია ცდილობს, პროგრამის ფარგლებში, თითოეული ერთეულის წარმოების ფასი რამდენიმე ათასით შემცირდეს. ამისათვის, Universal EV-ის შესაქმნელად 25%-ით ნაკლები სამაგრი დეტალები იქნება გამოყენებული, ხოლო მასში მოთავსებული კაბელების ჯამური სიგრძე 1200 მეტრით უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე Mustang Mach-E-ში იყო.

ავტომობილის წარმოება, არსებული გეგმით, კენტუკის შტატში, ლუისვილში უნდა დაიწყოს — ქარხანაში, სადაც ადრე Ford Escape იწარმოებოდა.