მოდიფიცირება, ჩინეთი, მერსედეს-ბენცი ჯი-კლასი, გრეით ვოლ მოტორსი, მერსედეს-აიემჯი ჯი63
Aa
Aa

Mercedes-AMG G63-ის ასლი, რომელიც ჩინურ SUV-ზეა აწყობილი

ყველგანმავალი SUV-ების ბაზარზე Mercedes-AMG G63 წლებია ავტომოყვარულთა შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელად რჩება. ისეთი ტუნინგ კომპანიების საშუალებით კი, როგორებიც Brabus-ი ან Mansory-ია, ჩვენ წარსულში არაერთი მოდიფიცირებული, მათ შორის უნიკალური ვერსია გვინახავს, რომელიც სწორედ G-Class-ის ბაზაზეა აწყობილი.

ახლა კი, ტაილანდში დაფუძნებულმა კომპანია Shana E-Sport-მა, მსგავსი სტილის, თუმცა ბევრად ხელმისაწვდომი მოდელი შემოგვთავაზა. G63-ის სტილის მოდელი, ჩინური ავტომწარმოებლის, Great Wall Motors-ის ყუთის ფორმის SUV-ზე, Tank 300-ზეა დაფუძნებული. მიუხედავად თავდაპირველი მსგავსებისა, საბოლოო შედეგის მისაღებად, კომპანიას მაინც დიდი მუშაობა დასჭირდა. მათ შორის მკვეთრად შეცვალა ავტომობილის ქარხნული ცხვირი და ახალი ცხაური, LED-მაშუქები, ვენტილირებადი კაპოტი და სპორტული ბამპერიც კი დაამატა.

უკანა მხარეს ტიუნერმა მოდელს მეტად სპორტული იერსახის მქონე ბამპერი შეუთავსა, ინტეგრირებული დიფუზორითა და სახურავზე სპოილერით. მომხმარებლის არჩევანიდან გამომდინარე, მოდელს შეიძლება ოთხმაგი გამოსაბოლქვი მილი და გვერდითა გამონაბოლქვი სისტემაც დაუყენდეს. ჩინური SUV-ის მოდიფიცირებული ვერსია 22-ინჩიან შენადნობის დისკებზე დგას, რომელიც თავის მხრივ ყველგანმავალ საბურავებშია გახვეული.

Tank 300-ის ქარხნული დიზაინიც Mercedes-დან ბევრ დეტალს აკოპირებდა. ამ შემთხვევაში მოდელში 2-ეკრანიანი ციფრული კაბინა და ტურბინის სტილის კლიმატ-ვენტილაციის ხვრელები გვხვდება. სალონში ფირუზისფერი ტყავის ინტერიერია გამოყენებული, კარბონის აქცენტებით.

კაპოტის ქვეშ ტიუნინგმა Tank 300-ის სტანდარტული ჰიბრიდული სისტემა დატოვა, 2-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ტურბოძრავით, რომელიც ელექტროძრავასთანაა დაწყვილებული. შედეგად, ავტომობილი სოლიდურ 350 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რომელიც 9-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის საშუალებით, ოთხივე ბორბალზე ნაწილდება.  

კომპანიისთვის ყველაზე დიდი მოგება ამ მოდელის ღირებულებაა. G63-ის სტილის Tank 300 დაახლოებით $80 000 ღირს მაშინ, როდესაც საბაზისო Tank 300-ის ფასი $57 600-ია. შესაძლოა ძვირად მოგეჩვენოთ, თუმცა ეს გაცილებით იაფია, ვიდრე რეალური G63, რომლის ღირებულება ზოგიერთ ბაზარზე $300 000–$700 000+ შეიძლება იყოს.

 

მსგავსი სიახლეები