Ferrari, V12, Ferrari 250 GTO, ფერარი, სპორტქარი
Aa
Aa

ერთადერთი თეთრი ფერის Ferrari 250 GTO აუქციონზე გაიყიდება

ფლორიდაში 17 იანვარს Mecum-ის აუქციონზე ისტორიაში ერთადერთი თეთრი ფერის Ferrari 250 GTO გაიყიდება. ზოგადად, 250 GTO, რომლის სულ 36 ერთეული არსებობს, ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური საკოლექციო ეგზემპლარია, ხსენებულ მოდელს კი ფერი კოლექციონერებისათვის ნამდვილად საოცნებო მანქანად აქცევს. 

Bianco Speciale-დ წოდებული 3729 GT ბრიტანელი მრბოლელისა და ბიზნესმენის ჯონ კუმბსის შეკვეთით 1962 წელს დამზადდა. კუმბსი Jaguar-ის ერთგული იყო და იმედოვნებდა, რომ GTO კომპანიის მენეჯმენტს დაეხმარებოდა, რომ E-Type უფრო კონკურენტულად ექციათ... ცნობილი არ არის, რატომ შეარჩია შემკვეთმა თეთრი ფერი, თუმცა, დიდი ალბათობით, მაშინ ეს მარანელოში აზრთა სხვადასხვაობას აუცილებლად გამოიწვევდა, რადგან სარბოლო ავტომობილების სავალდებულო ფერი მაშინ წითელი იყო — კუმბსის სტატუსმა და ალფრედო რეალის გავლენამ, სავარაუდოდ, ეს წესი მაინც „გადაწონა“. 


Bianco Speciale-ს სარბოლო დებიუტი 1962 წელს, ინგლისში გაიმართა. როი სალვადორიმ Peco Trophy-ზე მე-2 ადგილი დაიკავა. გრემ ჰილმა აღნიშნული შედეგი რამდენიმე კვირაში RAC Tourist Trophy-ზეც გაიმეორა. ამის შემდეგ, კუმბსმა ფერარი Jaguar-ის ინჟინერიის განყოფილებას ათხოვა შესასწავლად. გავრცელებული ინფორმაციით, 250 GTO-ს დახმარებით მიღებული გაკვეთილები Jaguar E-Type-ში აისახა. 

თეთრი GTO სარბოლო ტრასას 1963 წელს დაუბრუნდა და GT კლასში გამარჯვება დაიმსახურა Guards Trophy-ზე — მანქანის საჭესთან ჯეკ სეარსი იჯდა, რომელმაც 1970 წელს ბიანკო შეიძინა კიდეც. სეარსმა GTO 1999 წელს Microsoft-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯონ შირლის მიჰყიდა. ამ პერიოდში ავტომობილი განაახლეს, თუმცა სრული რესტავრაცია მისთვის არასდროს ჩაუტარებიათ — ამიტომ, აუქციონის გვერდზე ვკითხულობთ, რომ მანქანა მეტწილად თავდაპირველ მდგომარეობაშია. 

როგორც წესი, 3.0-ლიტრიანი Colombo V12 ძრავით აღჭურვილი 250 GTO სერიის მოდელები ავტომოყვარულებს ძალიან უყვართ და ასეთ აუქციონებში მასში ათობით მილიონს იხდიან ხოლმე — სავარაუდოდ, გამონაკლისი არც აღნიშნული მოდელი იქნება, განსაკუთრებით კი მის ფერსა და ისტორიას თუ გავითვალისწინებთ. 

მსგავსი სიახლეები