როგორი იქნება სრულად ელექტრო BMW M3 | კომპანია სიურპრიზებს გვპირდება
სრულად ელექტრო BMW M ავტომობილების ერა თანდათან გვიახლოვდება. წლების განმავლობაში, გერმანული ბრენდი ახალი თაობის პერფორმანსზე ორიენტირებული ელექტრომობილების შექმნაზე მუშაობდა და, როგორც ჩანს, ეს სამუშაო დასასრულს მიუახლოვდა — 2027 წელს სრულად ელექტრო M3-ს ვიხილავთ.
BMW-ს ოფიციალური სახელი მომავალი მოდელისთვის არ უწოდებია — შესაძლოა, მას Electric M3, ან i3 M დაერქვას (უფრო, ალბათ, ეს უკანასკნელი)... 
მძლავრ ელექტრომობილებს მე-6 თაობის ტექნოლოგიებით აღჭურვავენ, რომელთა ნაწილიც Neue Klasse-ს ოჯახის მოდელებში გვხვდება. როგორც წინა, ისე უკანა ხიდებზე 2-2 ელექტროძრავა შეგვხვდება, შესაბამისად, თითოეული მათგანი თითო ბორბალზე იქნება პასუხისმგებელი.
BMW-ს ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებია სიმძლავრე, რომელსაც ეს ოთხძრავიანი სისტემა გამოიმუშავებს, თუმცა ნუ გაგიკვირდებათ, თუ გერმანული ელექტრომობილების ცხენის ძალების გრაფა ოთხნიშნა იქნება... კომპანიის განცხადებით, ვინაიდან ელექტროძრავები საშუალებას მოგვცემენ, თითოეული ბორბლის სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი გავაკონტროლოთ, ამ ელექტრომობილების მართვა ისეთი გამოცდილება იქნება, რომლის მსგავსიც სხვა არც ერთ ავტომწარმოებელს აქამდე არ შემოუთავაზებია.

ავტომობილი 100 კვტ.სთ-იანი ბატარეების ნაკრებით იქნება აღჭურვილი, რაც მოდელის ნებისმიერ ვერსიას ერთი დამუხტვით საკმაოდ ხანგრძლივად გადაადგილების საშუალებას მისცემს. ავტომოყვარულებისთვის ყველაზე სასიამოვნო მაინც, ალბათ, ის არის, რომ M თავის მძღოლებს მისცემს საშუალებას, რომ წინა ხიდი საერთოდ გათიშონ და ელექტრომობილი უკანა ამძრავ მონსტრად აქციონ (რაც, სხვა სიამოვნებებთან ერთად, ენერგოეფექტიანობასაც გააუმჯობესებს).
კომპანია მაქსიმალურად იზრუნებს მძღოლებისათვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე, რისთვისაც Hyundai-ს მაგალითით იხელმძღვანელებს. როგორც ეს Hyundai Ioniq 5 N-შია, სრულად ელექტრო M Neue Klasse მოდელებს სიჩქარეთა გადამრთველის იმიტაცია და სპეციალური ხმოვანი სიმულაციები ექნებათ, რაც შიგაწვის ძრავის მოტრფიალეებისათვის შეამცირებს იმის შეგრძნებას, რომ ისინი ელექტრომობილს მართავენ... 
ერთი სიტყვით, BMW-მ ელექტრომობილების გამოწვევა პროფესიონალურად მიიღო და ჰპირდება თავის ფანებს, რომ მათ ჭეშმარიტად საავტომობილო სულის მქონე ელექტრომობილებს შესთავაზებს.