Genesis ევროპაში გაფართოებას და მაღალი კლასის დასავლურ ავტომწარმოებლებთან შეჭიდებას გეგმავს
Hyndai Motor Group-ის მდიდრული ბრენდი Genesis-ი ევროპაში გაფართოებას და კონტინენტზე დამკვიდრებული პრემიუმ ბრენდებისთვის წინააღმდეგობის გაწევას აპირებს. ამ ახალ კორეულ ტალღას სათავეში Magma-ს მოდელები ჩაუდგებიან, რომლებიც სიმდიდრისა და პერფორმანსის საინტერესო შერწყმას გვთავაზობენ. 
Magma Genesis-ის შვილობილი ბრენდია, რომელიც გასულ წელს, ამ უკანასკნელის დაარსების 10 წლის თავთან დაკავშირებით შეიქმნა. შესაძლოა, 10 წელი დიდ დროდ მოგეჩვენოთ, თუმცა საავტომობილო სამყაროში ეს, ფაქტობრივად, Genesis-ის პირველი ნაბიჯებია — მიუხედავად ამისა, კომპანიამ მაინც შეძლო ამ პერიოდში, დაახლოებით, 1.5 მილიონი ავტომობილის გაყიდვა. 
აღსანიშნავია ისიც, რომ Genesis-მა უარყო თავდაპირველი გეგმა, რომელიც 2025 წლისთვის კომპანიის მოდელების სრულ ელექტრიფიკაციას შეეხებოდა.
„მე არ ვთვლი, რომ ევროპა ნაკლებად წარმატებულია. ჩვენ ახლა დავიწყეთ, თავდაპირველად კი ვაპირებდით, რომ 2025 წლიდან ბრენდი სრულად ელექტრო ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, მოგვიწია გეგმები შეგვეცვალა და Euro 7-ის რეგულაციების გამო ჩვენი პორტფოლიოც შედარებით შეზღუდულია. თუმცა, ჩვენ ევროპაში ახალ პროდუქტებს შემოვიტანთ და ახალ ბაზრებზე გამოვჩნდებით, შესაბამისად, ეს დასაწყისია“, — განაცხადა Genesis-ის კრეატიულმა დირექტორმა, ლუკ დონკერვოლკემ, Autocar-თან ინტერვიუში.
