მოდიფიცირება, კლასიკური ავტომობილები, ლენდ როვერი, ლენდ როვერ დეფენდერი, დეფენდერი
Aa
Aa

Land Rover-მა ექსკლუზიური, „ქამელეონი“ Defender-ები ერთ ადამიანს მიჰყიდა

ორიგინალი Land Rover Defender-ის წარმოების 67-წლიანი ისტორია დაახლოებით ათზე მეტი წლის წინ წარსულს ჩაბარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი Ineos Grenadier-ს ამ ლეგენდარული მოდელის სულიერ მემკვიდრედ მიიჩნევს, მათ, ვინც ასე არ თვლის — და, ალბათ, ასეთი ბევრი — კვლავ შეუძლია ნამდვილი Defender-ი Land Rover-სგან შეიძინოს. თუმცა არ გეგონოთ, რომ ავტომწარმოებელი შეკვეთის მიღებისას სრულიად ახალ მოდელს დაგიმზადებთ. სინამდვილეში საქმე სრულიად განსხვავებულადაა: Land Rover Classic-ის ქვედანაყოფი 2012-2016 წლებში გამოშვებულ მოდელებს ეძებს, მათ სრულ რესტავრაციასა და მოდერნიზაციას უტარებს და კაპოტქვეშ მძლავრ V8 ძრავასაც კი ათავსებს.

ასევე დაგაინტერესებთ: ისტორიაში საუკეთესო ყველგანმავალი ავტომობილები

ეს შანსი ერთ-ერთმა მდიდარმა კოლექციონერმა ხელიდან არ გაუშვა და Land Rover Classic-საც საკმაოდ უჩვეულო შეთავაზებით მიმართა. მას ერთბაშად ოთხი განსხვავებული მოდიფიკაცია სურდა: 90 Station Wagon და 90 Soft Top (ღია სახურავით), ასევე 110 Station Wagon და სრულიად ახალი 110 Double Cab Pick Up (ორკაბინიანი პიკაპი). თუმცა ამ მოდელებს 5-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავის გარდა, კიდევ ერთი საერთო უნდა ჰქონოდათ: მდიდარ მფლობელს „ქამელეონი“ ავტომობილები სურდა — ფერის შეცვლის ფუნქციით.

შემკვეთის სურვილების სისრულეში მოსაყვანად, თითოეულმა Defender-მა სამღებროში თითქმის 400 საათი გაატარა — იმ სპეციალური Spectral Green-ის საფარის მისაღებად, რომელიც მწვანედან იისფერ და ოქროსფერ ფერში გადადის. მომხმარებელმა Land Rover-ს ასევე სთხოვა, სპეციალური საფარი ავტომობილის 18-დუიმიან ბორბლებსა და ექსტერიერის ემბლემებზე გაგრძელებულიყო, ქამელეონის ელფერი კი ცენტრალურ კონსოლზეც გამოეყენებინათ.

შედეგად, მივიღეთ სრულიად უნიკალური და, ამავდროულად, ნოსტალგიური Defender-ები, მძლავრი ძრავებით. 2012-2016 წლების მოდიფიცირებულ მოდელებში გამოყენებული ძრავა კი ატმოსფერული 5-ლიტრიანი V8 გახლავთ, რომელიც 400 ცხენის ძალასა და 515 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრე ოთხივე ბორბალზე 8-სიჩქარიანი ZF-ის ავტომატური გადაცემათა კოლოფის საშუალებით ნაწილდება, რომელსაც სპეციალური სპორტული რეჟიმიც აქვს.

რაც შეეხება ინტერიერს, Defender-ებში უმაღლესი ხარისხის ტყავი გამოიყენეს, რომელსაც მწვანე კონტრასტული ნაკერები დაუმატეს. მფლობელებს ახლა შეუძლიათ 9-დუიმიანი სენსორული ეკრანითა და Apple CarPlay-სა და Android Auto-ს მხარდაჭერით ისარგებლონ. თუმცა შენარჩუნებულია კლასიკური 3.5-დუიმიანი მაჩვენებელთა დაფაც.

Land Rover Classic-ს ამ კონკრეტული ოთხი ავტომობილის ზუსტი ღირებულება არ გაუსაჯაროებია. თუმცა კომპანიის განცხადებით, მათთვის, ვისი ბიუჯეტიც პრაქტიკულად შეუზღუდავია, ლეგენდარული Defender-ის პერსონალიზაციის „თითქმის უსასრულო“ გზები არსებობს. თუმცა ალბათ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მდიდარ კლიენტს ეს შეკვეთა $1 მილიონზე მეტი დაუჯდებოდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები