მსოფლიოში უსწრაფესი მოტოციკლი ორთქლზე მუშაობს და 100 კმ/სთ-ს 0.4 წამში ავითარებს
ორთქლის ძრავაზე მომუშავე ავტომობილმა მეოთხედ მილზე (დაახლოებით 402 მ) თითქმის 310 კმ/სთ განავითარა. შედეგად კი, გახდა ყველაზე სწრაფი აჩქარების მქონე ბაიკი მათ შორის, რომლებიც რეაქტიულ ძრავას არ იყენებენ.
ასევე დაგაინტერესებთ: მსოფლიოში ყველაზე სისხლიანი და საშიში რბოლა - Isle Of Man TT
გაერთიანებულ სამეფოში, „სანტა პოდის“ სარბოლო ტრასაზე გამართული ტესტირებისას, ორთქლის ენერგიაზე მომუშავე მოტოციკლმა, სახელწოდებით „ბუნების ძალა“ (Force of Nature), რეკორდული შედეგები დააფიქსირა. ამ მიღწევის უკან კი 62 წლის ინჟინერი გრეიმ საიკსი დგას — ადამიანი, რომელიც Force of Nature-ის იდეის ავტორი, კონსტრუქტორი და პილოტიც კი გახლავთ.
ნაცვლად იმისა, რომ რეკორდსმენი მოტოციკლი ტრადიციული ტიპის ძრავით აღეჭურვა, საიკმა გადაწყვიტა, ბაიკის მუშაობისთვის ორთქლის ენერგია გამოეყენებინა. შესაძლოა, ბევრს მისი გეგმისთვის სკეპტიკურადაც კი შეეხედა, თუმცა 62 წლის ინჟინერმა საბოლოოდ მიიღო მოტოციკლი, რომელმაც ბრიტანეთში ტრასაზე ყველაზე სწრაფი აჩქარების დრო დააფიქსირა — რა თქმა უნდა, იმ ბაიკებს შორის, რომლებიც რეაქტიულ ძრავას არ იყენებენ.

შედეგები მართლაც რომ განსაცვიფრებელია: Force of Nature-მ შეძლო და 100 კმ/სთ სულ რაღაც 0.4 წამში განავითარა. ხოლო მეოთხედი მილი, რაც დაახლოებით 402 მეტრია, 5.5 წამში დაფარა. ფინიშის გადაკვეთის მომენტისთვის, ბაიკის სიჩქარე 310 კმ/სთ-ს შეადგენდა.
ერთადერთი მოტოციკლი, რომელმაც მეოთხედი მილი მასზე მოკლე დროში დაფარა, რეაქტიული ძრავის მქონე ბაიკი გახლდათ. ამ უკანასკნელს ფრანგი პილოტი ერიკ ტებული მართავდა და მისი დრო 4.976 წამს შეადგენდა. რეკორდი 2022 წლის სექტემბერში, წყალბადის ზეჟანგზე მომუშავე რაკეტული მოტოციკლით, 467.53 კმ/სთ სიჩქარით დამყარდა. თუმცა, შედარებით მოკლე დისტანციებზე რეკორდსმენი კვლავ Force of Nature გახლავთ. მან მერვედი მილი 3.17 წამში (326.7 კმ/სთ), ხოლო 1000 ფუტის დისტანცია 4.53 წამში (310.6 კმ/სთ) დაფარა.
საიკსმა ორთქლზე მომუშავე მოტოციკლზე მუშაობა 2022 წელს დაიწყო და დღეს უკვე მის მეხუთე მოდიფიკაციაზე მუშაობს. საიკი ბაიკის განვითარებაზე კვლავ მუშაობს და სჯერა, რომ უახლოეს მომავალში თავისივე შედეგს გააუმჯობესებს და 5-წამიან ნიშნულსაც ჩამოსცდება.