ინოვაცია, ჰიუნდაი, კია, ტექნოლოგიები
Aa
Aa

Hyundai-ის ახალი ტექნოლოგია ავტომობილის სალონში ბაქტერიებს გაანადგურებს

როგორც ჩანს, ბოლო რამდენიმე წელი Hyundai Motor Group-მა საკუთარ ავტომობილებში სისუფთავის შენარჩუნებაზე ზრუნვას დაუთმო. ბოლოდროინდელი მოდელები, როგორებიც Santa Fe და Palisade არიან, აღჭურვილები არიან სპეციალური UV-C სათავსოებით, რომლებიც ულტრაიისფერი სხივების მეშვეობით კლავენ ბაქტერიებს ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებზე. შემდეგი ნაბიჯი კი ბევრად მასშტაბურია — კომპანიას სურს, რომ ულტრაიისფერმა შუქმა მთელ სალონში მფრინავი მიკრობები ხელის ერთი მოსმით გაანადგუროს.

ამისათვის კომპანია სალონის ჭერში რამდენიმე Far-UVC ნათურის განთავსებას აპირებს, რომლებსაც ვირუსებისა და ბაქტერიების განადგურება რამდენიმე წუთში შეეძლებათ. Santa Fe-სა და Palisade-ში გამოყენებული ჩვეულებრივი UV-C ნათურებისგან განსხვავებით, რომელთა პირდაპირი ზემოქმედება ადამიანისთვის საზიანოა, Far-UVC ნათურები მუშაობენ 200-230 ნანომეტრის დიაპაზონში. ეს ნიშნავს, რომ მათ მხოლოდ ადამიანის კანის გარე, კერატინის შრეზე შეუძლიათ მოქმედება და უფრო ღრმად ვერ აღწევენ. თუმცა, რაც მთავარია, ეს შუქი საკმარისად ძლიერია ბაქტერიებისა და ვირუსების დნმ-ის დასაშლელად.

სისტემა, რომელიც Hyundai-სა და Kia-ს მიერ არის შემუშავებული, ცნობილია როგორც Plasma Care UVC. მსგავსი განათება ხშირად გამოიყენება საავადმყოფოებში, თუმცა ავტომობილში მის ასამუშავებლად კომპანიებს უნდა უზრუნველეყოთ, რომ სისტემას ემუშავა ძლიერი ვიბრაციის, ტემპერატურის ცვლილებისა და მართვის ექსტრემალური პირობების დროსაც, თანაც ისე, რომ ბევრი ენერგია არ მოეხმარათ.

ტესტირებისას აღმოჩნდა, რომ სისტემა 30 წუთში ჰაერში არსებული ვირუსების 96.8 პროცენტს კლავს. ის განსაკუთრებით ეფექტურია პნევმონიის გამომწვევი ბაქტერიების წინააღმდეგ — მათი 99.9 პროცენტს 30 წამში ანადგურებს, ხოლო 100 პროცენტს — 60 წამში. ცალკეულმა ტესტმა ასევე აჩვენა, რომ ტექნოლოგიას შეუძლია ნაწლავის ჩხირის (E. coli) 99.9 პროცენტის განადგურება 40-წუთიანი ზემოქმედების შემდეგ.

ტექნოლოგია ყველაზე დიდ სარგებელს მოიტანს სპეციალური დანიშნულების ავტომობილებში, ასევე სასკოლო ავტობუსებსა და სატვირთოებში, რომლებსაც ხილი და სხვა პროდუქტები გადააქვთ. სისტემა ასევე შლის იმ მდგრად ნაერთებს, რომლებიც უსიამოვნო სუნს იწვევენ, რის წყალობითაც სალონში ყოველთვის სუფთა ჰაერი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები