Volkswagen-ი 100 000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს
გერმანული ავტოგიგანტის, Volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორი, ოლივერ ბლუმე, კომპანიის 89-წლიანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური რეფორმებისთვის ემზადება. ახალი რეფორმები ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა როგორც გამოცემა Manager Magazin-ი წერს, ავტომწარმოებელი 100 000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებასა და გერმანიაში მდებარე ოთხ ქარხანაში წარმოების შეწყვეტას განიხილავს.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შექმნა კარლ ბენცის მოსწავლემ Audi?
გამოდის, რომ Volkswagen-ში კრიზისი გრძელდება და თავის გადარჩენისთვის გერმანულმა კომპანიამ კვლავ ხარჯების შემცირების პოლიტიკას მიმართა. Manager Magazin-ის ინფორმაციით, ავტომწარმოებელი ასევე გეგმავს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ინვესტიციები 15%-ით შეამციროს და 130 მილიარდ ევრომდე დაიყვანოს. გამოცემა ინსაიდერულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოლივერ ბლუმესა და VW-ის ფინანსური დირექტორის კომპანიის ფუნდამენტალური რეკონსტრუქცია სურთ. ეს პროცესი VW-ის და მისი სათადარიგო ნაწილების განყოფილებების ცალკეულ სუბიექტებად დაყოფას.

ამ გეგმით, ბლუმე Volkswagen-ის, როგორც მსოფლიო მეორე უმსხვილესი ავტომწარმოებლის პოზიციების დაბრუნებას ცდილობს. კომპანია ჩინეთისგან კონკურენციას, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ტარიფებსა და ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლის მაღალ ხარჯებს უმკლავდება. VW-ის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ „ფართომასშტაბიანი“ ცვლილებებია საჭირო და პირობას დებს, რომ აქცენტს ძირითად საავტომობილო ბიზნესზე გააკეთებენ.
ასევე იხილეთ: კრიზისი VW-ში: 1 მილიონით შემცირებული წარმოება და ქარხნების შესაძლო გასხვისება ჩინურ კომპანიებზე
საშუალო ვადიან პერსპექტივაში, არსებული მოდელების წარმოების დასრულების შემდეგ, Volkswagen-ი ოპერირებას შეაჩერებს ჰანოვერის, ცვიკაუსა და ემდენის ქარხნებში, ასევე Audi-ს ნეკარსულმის ობიექტზე. როგორც VW-ის სპიკერმა განაცხადა, Volkswagen Group-ის მთელმა გუნდმა, მათ შორის ძირითადმა და შვილობილმა კომპანიებმა, აუცილებელია შორსმიმავალი ცვლილებები განიცადოს.

რაც შეეხება თანამშრომელთა შემცირებას, არსებული გეგმა მკვეთრად ეწინააღმდეგება, როგორც VW-ის თავდაპირველ მიზანს, ასევე კომპანიასა და პროფკავშირებს შორის დადებულ შეთანხმებას. მანამდე წარდგენილი პირობებით, ავტომწარმოებელს 50 000 სამუშაო ადგილი უნდა გამოეთავისუფლებინა, თუმცა Manager Magazin-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამ მონაცემებს თითქმის აორმაგებს. აქვე უნდა ითქვას, რომ პროფკავშირებთან დადებული შეთანხმება კატეგორიულად გამორიცხავდა მიმდინარე ათწლეულში გერმანიაში ქარხნების დახურვას. თუმცა დაანონსებული გეგმით, ეს პირობაც დაირღვევა.